საზოგადოება
ახმეტის საბავშვო ბაღებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევები აღმოაჩინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახმეტის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ინსპექტირება ჩაატარა და ხუთ ობიექტზე დარღვევები აღმოაჩინა.
შედეგად უწყებამ სააღმზრდელო დაწესებულებები დააჯარიმა და ხარვეზების გამოსასწორებლად ვადა პირველ მაისამდე მისცა.

-„დარღვევები აღმოაჩნდა სოფელ დუმასტურის, ყვარელწყლის, აწყურის, ხორხელისა და ქალაქ ახმეტის #4 საბავშვო ბაღის კვების ბლოკებსა და სველ წერტილებში. დუმასტურის ბაღი 400 ლარით, ხოლო დანარჩენი ოთხი - 1200 ლარით დაჯარიმდა. ამ დროსითვის სააღმზრდელო დაწესებულებები ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს, არც ერთი მათგანი არ დაკეტილა. მოგვეცა გონივრული ვადა პრობლემის აღმოსაფხვრელად. სადაც მცირედი ხარვეზებია, იქ უკვე დაიწყო სამუშაოები, ხოლო დანარჩენზე პროექტირება მიმდინარეობს. ხარვეზები აწყურის ბაღის გარდა ყველგან პირველ მაისამდე უნდა გამოვასწოროთ. აწყურში ბაღის მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება. ბაღი ნაქირავებ ბინაშია განთავსებული, ფიზიკურად რა თანხაც არ უნდა დავახარჯოთ, იქ ინფრასტრუქტურის მოწყობა შეუძლებელია,“- განუცხადა speqtri.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა.

ცნობისთვის, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახმეტის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები გასული წლის მაისშიც შეამოწმა. უწყებამ დარღვევები აღმოაჩინა სოფელ აწყურის, ფიჩხოვანისა და ქვემო ალვანის #2 საბავშვო ბაღში. მაშინ სააღმზრდელო დაწესებულებები დაიხურა.
აგრეთვე, 2018 წელს ახმეტის ბაღებში არსებულ მძიმე ვითარებაზე იყო საუბარი სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. ომბუდსმენის აპარატში ამბობდნენ, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, ბაღებში არასაკმარისია საწოლების რაოდენობა, რის გამოც ყველა ბავშვს ვერ აძინებენ, ასევე პრობლემად სახელდებოდა კადრების სიმცირეც.
| Print |
FaceBook Twitter Google