საზოგადოება
მძღოლები, რომლებსაც ავარია არ დაუფიქსირდებათ, შეღავათებით ისარგებლებენ
იმ ავტომფლობელებისთვის, რომლებიც წლის განმავლობაში რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევას გამოიწვევენ, მესამე პირის სავალდებულო სადაზღვევო პაკეტის შეძენა გაცილებით ძვირი იქნება, - ამის შესახებ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ირაკლი თუთარაშვილმა განაცხადა.
ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მძღოლი რამდენიმე წლის განმავლობაში არ იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევას და არის ე.წ კარგი მძღოლი, მას მოუწევს ბევრად ნაკლები სადაზღვევო პრემიის გადახდა, ვიდრე იმ მძღოლს, რომელიც ხშირად ხვდება ავტოავარიაში. როგორც იცით, კანონპროექტით გათვალისწინებულია სადაზღვევო პაკეტის წლიური ღირებულების ქვედა და ზედა ზღვარი, რომელიც არ შეიცვლება. „ბონუს-მალუს“ სისტემის მიხედვით კი, თუ მაგალითად, მსუბუქი ავტომობილის მძღოლისთვის სადაზღვევო პაკეტის წლიური ღირებულება 100-დან 150-ლარამდეა, კანონმორჩილმა მძღოლმა შესაძლოა, 100 ლარზე ბევრად ნაკლები გადაიხადოს, ე.წ. ცუდი მძღოლების სადაზღვევო პრემია კი 150 ლარზე ძვირი ეღირება“, - განაცხადა ირაკლი თუთარაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google