საზოგადოება
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა საქართველოსა და მსოფლიოში
პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების საჯარო გამოქვეყნება, რაც უცხოეთში ცნობილია, როგორც Revenge Porn, კანონით აკრძალული აქტია და მკაცრად ისჯება მოქმედი სამართლით.


მოცემული თემის აქტუალურობა განაპირობა ახლო წარსულში განხორციელებულმა მსგავსმა ქმედებებმა.მოცემული ფაქტორი კი იწვევს საჭიროებას, გამოკვლეულ იქნას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული მრავალი თავისებურება, მასთან დაკავშირებული სამართლებრივი პასუხისმგებლობა და შინაარსი. მოცემულ სტატიაში წარმოდგენილი იქნება როგორც საქართველოს, ასევე სხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო სამართლის კანონმდებლობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან მიმართებით.


პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ საქართველოს კონსტიტუციაზე, რომელიც “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონით სხვა აქტებს შორის პირველ ადგილზე დგას. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მე-15 მუხლი შეეხება პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს. მოცემული მუხლი ხელშეუხებელს ხდის ადამიანის, როგორც თავად უმაღლესი ღირებულების, პირად ცხოვრებას.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლებიდან აღსანიშნავია ისეთი ფუძემდებლური საერთაშორისო სტატუტი, როგორიცაა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია (რომლის ერთ-ერთი ხელმომწერი ქვეყანა საქართველოცაა). მოცემული კონვენციის მე-8 მუხლი “პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების შესახებ” ავალდებულებს ხელმომწერ მხარეებს, სახელმწიფოებს, პატივი სცენ ადამიანთა პირად და ოჯახურ ცხოვრებას. მოცემული მუხლი ასევე ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევას, როცა პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ხელისუფლების ჩარევა ხდება კანონის შესაბამისად, საჯარო ინტერესებისთვის. თუმცა ჩარევისთვის საჭიროა, ასეთი ინტერესი ხარისხობრივად აღემატებოდეს ადამიანის ინტერესს, დაცული იყოს მისი პირადი ცხოვრება.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხაზს უსვამს და განამტკიცებს ასევე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მე-12 მუხლში- ადამიანი არ შეიძლება დაექვემდებაროს პირად ცხობრებაში თვითნებურ ჩარევას, დაუშვებელია მისი პატივისა და რეპუტაციის ხელყოფა.


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი კი უფრო დაწვრილებით საუბრობს მსგავსი დანაშაულის შესახებ. კოდექსის 157-ეპრიმა მუხლი პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფას შეეხება. საინტერესოა, რომ ისჯება არა მხოლოდ ასეთი მასალის გამოქვეყნება, ასევე მისი უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება და ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა. ფაქტობრივ შემადგენლობას მოჰყვება იურიდიული შედეგი:
პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფისთვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა. თუმცა კანონი დანაშაულბრივი ქმედების მრავალ სახეს ითვალისწინებს და შესაბამისად, აწესებს განსხვავებულ სანქციებს.
იმ შემთხვევაში, თუ ხდება ასეთი მასალის მოპოვება-შენახვა, პირი ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე. გამოქვეყნება ან/და გავრცელება ისჯება 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. მაგრამ თუ მსგავს ქმედებას ერთვის ანგარება, ან დანაშაული განმეორებითაა ჩადენილი, კანონი უფრო მკაცრდება და პირს შეუთავსებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. კანონი უფრო მკაცრდება, თუ დანაშაული ჩადენილია იმ პირის მიერ, რომელსაც კანონით ევალებოდა ასეთი მასალების თუ საიდუმლოების დაცვა- მსგავსი დანაშაული ისჯება 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
შესაბამისად, 157-ე პრიმა მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს. კანონი ამასთანავე, ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებასაც- როცა პირი მოიპოვებს მსგავს მასალებს და მათი არსებობის შესახებ განუცხადებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელი არაა ამ აქტს თან ახლდეს შურისძიების, ანგარების სურვილი (თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს უკანასკნელი საქართველოს კანონმდებლობით დამამძიმებელ გარემოებად ითვლება). აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით პირადი ცხობრების საიდუმლოების შემცველი მასალების არა მარტო გავრცელება, არამედ ფლობაც დანაშაულად ითვლება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის აღძვრის საფუძველს იძლევა.


აღსანიშნავია უცხო ქვეყანათა სამართლებრივი პრაქტიკა და კანონმდებლობა მოცემულ საკითხთან მიმართებით.
დიდ ბრიტანეთში პირადი სქესობრივი ჩანაწერების (ფოტოგრაფიების თუ ვიდეომასალების) გამოქვეყნება დაზარალებული პირის თანხმობის გარეშე ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე.
გერმანიაში ადამიანის პირადი ხელშეუხებლობის დარღვევისთვის დანაშაულის ჩამდენი პირი ისჯება შეჩერების და ქმედების შეწყვეტის ორდერის (cease and desist order) გამოწერითა და კომპენსაციით, ანუ გერმანული სამართალი აწესებს რესტიტუციულ სასჯელს მსგავსი დანაშაულისთვის. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს გერმანიამ მიიღო კანონი, რომელიც პირს ავალდებულებს, წაშალოს ყოფილი შეყვარებულის ინტიმური ფოტოები და ვიდეო მასალები, მაშინაც კი, როცა იგი მეორე პირის თანხმობით იქნა მოპოვებული.
რაც შეეხება საფრანგეთს, პირადი მასალების გამოყენებისთვის ადამიანს აქვს უფლება აღძრას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. დამნაშავე ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2 წლით და ჯარიმით 60 ათასი ევროს ოდენობით.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი დანაშაულისთვის არაა მკაცრად დადგენილი და გათვალისწინებული სასჯელი. არამედ, თითოეულ შტატს აქვს თავისუფლება, თავად, ფედერალური სახელმწიფოს ჩაურევლად, დააწესოს სასჯელი მსგავსი ქმედებისთვის (რაც დამახასიათებელია ფედერაციული მოწყობის ქვეყნებისთვის).
დაწვრილებით აღწერს დანაშაულებრივ ქმედებას და მკაცრად სჯის დამნაშავეს კანადის კანონმდებლობა- თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე.
იაპონიის კანონმდებლობა კი მსგავსი მასალების გამოქვეყნებისთვის და გავრცელებისთვის ითვალისწინებს მაქსიმუმ 500 000 იანის (4500 დოლარი) ოდენობის ჯარიმას ან 3 წლით თავისუფლების აღკვეთას.
შედარებითსამართლებრივი ანალიზიდან ჩანს, რომ საქართველოს კანონმდებლობა უფრო მკაცრად სჯის დამნაშავეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევისთვის, ვიდრე უცხო ქვეყანათა კანონმდებლობა.

იქიდან გამომდინარე, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები ხშირ შემთხვევაში ქვეყნდება ისეთი ინტერნეტ პლატფორმის მეშვეობით, როგორიცაა youtube, საჭიროა სტატიაში მოკლედ მიმოვიხილოთ ასეთი გლობალური ვიდეოპორტალის კანონმდებლობა მსგავსი დანაშაულებრივი ქმედების მიმართ.

Youtube policyგარკვევით აღნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების თუ ფოტომასალის გამოქვეყნებას დაუყოვნებლივ მოჰყვება ვებ-გვერდის ადმინისტრაციის მხრიდან რეაგირება. იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა სექსუალური, ძალადობრივი ან კიბერბულინგისკენ მიმართული კონტენტი, მომხმარებელს შეუძლია, დაუყოვნებლივ აცნობოს ვებგვერდის ჯგუფს ამის შესახებ Flag ფუნქციის გამოყენებით. Youtube-ის ადმინისტრაცია 24 საათის განმავლობაში, ყოველდღე იღებს მსგავს საჩივრებს და თუ აღმოჩნდება, რომ ვიდეო მართლაც შეიცავს დანაშაულებრივ ელემენტებს, მოხდება მისი დაუყოვნებლივი წაშლა. აღსანიშნავია, რომ ასეთი საჩივრების უმეტესობა იწერება არა ადამიანების, არამედ თავად youtube-ის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიით, რომელიც თავად აღიქვამს ვიდეოში წარმოდგენილ კადრებს და საჭიროების შემთხვებაში ავტომატურად აამოქმედებს flag ფუნქციას.


შესაბამისად, თანამედროვე სახელმწიფოებრივი და საერთაშორისოსამართლებრივი სისტემები, ასევე ინტერნეტ სუბიექტები და პლატფორმები ებრძვიან მსგავს დანაშაულებრივ ქმედებებს და იცავენ ადამიანის ერთ-ერთ უმაღლეს ღირებულებას- პირადი ცხორების ხელშეუხებლობას.


ავტორი: შალვა ქიტესაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.


წყაროები:
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/16426?publication=205
https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=35
https://cis-india.org/internet-governance/blog/revenge-porn-laws-across-the-world
https://www.youtube.com/yt/about/policies/#community-guidelines


| Print |
FaceBook Twitter Google