საზოგადოება
აიკრძალება თუ არა ხვალიდან გურჯაანში გარევაჭრობა
ხვალიდან გურჯაანში გარემოვაჭრეებს ქუჩაში დგომის და საქონლის რეალიზაციის უფლება ეკრძალებათ.


მათ ტერიტორიის დასატოვებლად ერთი თვის ვადა ჰქონდათ, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიაღწიეს.
როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ბაზარში ადგილი არ არის და ამიტომ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ.
„სად შევიდეთ, ადგილები არ არის. ეს თვითონაც კარგად იციან. დღეს გვითხრეს, ხვალიდან აღარ გამოხვიდეთო, მაგრამ ჯერ არ ვიცით რა გადაწყვეტილებას მივიღებთ.“


გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების უფროსის რამაზ ქიტიაშვილის განმარტებით, მოვაჭრეებს ერთთვიანი ვადა ხვალ ეწურებათ.
„დღეს მოხდა გარემოვაჭრეების გაფრთხილება. ხვალიდან კი გარევაჭრობა საბოლოოდ აიკრძალება. ნაწილმა გვითხრა, რომ არ გამოვლენ, ნაწილი კი აცხადებს, რომ შეხვედრაზე არ იყო და ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ჩვენ ვთავაზობთ ალტერნატიულ ფართს, გურჯაანის აგრარულ ბაზარში. ბაზრის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ადგილები არის, ხოლო სად განთავსდებიან, ეს უკვე მოვაჭრეების სურვილზეა დამოკიდებული.“

მისივე თქმით, ხვალ პროცესში უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

| Print |
FaceBook Twitter Google