საზოგადოება
მაღალი ძაბვის ანძის მონტაჟს მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა
ქალაქ გურჯაანში სანაპიროს ქუჩაზე მდებარე ანძა, თავისუფლების ქუჩაზე გადაიტანეს, რასაც მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. როგორც ისინი ამბობენ, გეგმავენ საჩივრით სასამართლოს მიმართონ.


„აუცილებლად გავასაჩივრებთ, არ გავჩერდებით. ჩვენთვის აზრი უნდა ეკითხათ. კორპუსთან ახლოს დადგეს, მაღალი ძაბვაა, დასხივება აქვს და საშიშია. თანაც, სამუშაოების შესრულების ხარისხს არ ვენდობით. რომ გადმოვარდეს, რამდენი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. რატომ გადმოიტანეს, მიზეზს არ გვეუბნებიან. ვფიქრობთ, ვიღაცის ბიზნეს ინტერესებს ემსახურება ეს ყველაფერი. იმ ტერიტორიაზე რაღაც ობიექტის აშენება უნდათ. 112-შიც დავრეკეთ, მოვიდნენ პოლიციიდან და ალბათ დაკითხვაზეც დაგვიბარებენ. განა ისეთი რა უნდა ააშენონ, რომ ხალხის სიცოცხლის სანაცვლოდ ღირდეს?! გარდა ამისა, ხევის კედელზე დგას. არის შემთხვევები, როდესაც ხევი დიდდება და ესეც, რა თქმა უნდა, საფრთხეს შეგვიქმნის. აუცილებლად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ანძა ძველ ადგილს დააბრუნონ,“- გვითხრეს თავისუფლების ქუჩა #12-ში მცხოვრებლებმა.


როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, ტერიტორია, სადაც 1959 წლიდან ამ დრომდე მაღალი ძაბვის ანძა იყო განთავსებული, კერძო პირების, მირიან ბედიანაშვილისა და მარიამ კიკონიშვილის საკუთრებაშია. ანძის გადატანის მოთხოვნით სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ სწორედ მათ მიმართეს.
„110კვ ეგხ „ჰერეთი-1“ ექსპლოატაციაში 1959 წელს შევიდა და შესაბამისად, N11 ანძა დამონტაჟებულია აღნიშნულ პერიოდში. ანძის გადატანა საჭირო გახდა მოქალაქეების მარიამ კიკონიშვილის და მირიან ბედიანაშვილის მოთხოვნის საფუძველზე, ვინაიდან იგი დამონტაჟებული იყო მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ანძის გადატანა მოხდა სს „სსე“-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთზე. ხარჯებს ხელშეკრულების თანახმად, ანაზღაურებს დამკვეთი. სამუშაოებს ახორციელებს დამკვეთის მიერ დაქირავებული შპს „კოდორი“-ს პერსონალი,“ - აღნიშნულია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წერილში, რომელიც speqtri.ge-ს მიმართვის საფუძველზე გამოგვიგზავნეს.


მათივე ინფორმაციით, დამკვეთის მიერ წარმოდგენილი და სს „სსე“-სთან შეთანხმებული პროექტით, არ შეცვლილა ელექტროგადამცემი ხაზის ტრასა, გაიზარდა სადენების მიწასთან გაბარიტი, დაცულია ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესები, რითაც მოსახლეობას არავითარი საშიშროება არ ექმნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ანძა / გურჯაანი /