საზოგადოება
პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გათავისუფლდებიან
პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა უკვე შევიდა.

განათლების კომიტეტის წევრის, დეპუტატ გია ჟორჟოლიანის ინიციატვით, ცვლილება უნდა შევიდეს ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლში, სადაც, სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებასთან დაკავშირებული პუნქტი პროფესიულ სტუდენტებზე არ ვრცელდება.ცვლილების ძირითად არსს წარმოადგენს ის, რომ წვევამდელს თუ ის არის საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენლი წესით აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტი, რომელსაც არ აქვს შეჩერებული პროფესიული სტუდენტის სტატუსი – სწავლის დამთავრებამდე, მხოლოდ ერთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება.


კანონპროექტის ავტორის აზრით სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების მიზნით, ეროვნულ გამოცდებში ჩაჭრილი პირები სასწავლებლად საზღვარგარეთ მიდიან, რაც ქვეყნიდან ფინანსური და ადამიანური რესურსების გადინებას უწყობს ხელს. დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედების შემთხვევაში პროფესიული განათლება უმაღლესი განათლების სრულფასოვანი ალტერნატივა გახდება.


„ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შეუძლებლობა, ხელს შეუშლის პროფესიულ განათლებაში დუალური სწავლების დანერგვას, ასევე პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხს, კონკრეტულად კი უცხოურ დაწესებულებებთან ერთად ერთობლივი ან გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, რაც პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონითაა გათვალისწინებული, რადგანაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში ჩართული ადგილობრივი ბიზნესისთვის ან უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ნაკლებად მომხიბვლელია სტუდენტის სამხედრო სამსახურში გაწვევით გამოწვეული მნიშვნელოვანი წყვეტა საგანმანათლებლო პროცესში. ვინაიდან, პროფესიული სტუდენტები ვერ სარგებლობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით, ეს ხელს უშლის პროფესიული განათლების უმაღლესი განათლების სრულფასოვან ალტერნატივად განხილვის შესაძლებლობას. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ითვალისწინებს ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებას, მისცემს რა პროფესიულ სტუდენტს უფლებას, ერთი პროგრამის ფარგლებში ისარგებლოს სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.


| Print |
FaceBook Twitter Google