საზოგადოება
რა რეგულაციები დაწესდება სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით
ბავშვის უფლებათა კოდექსში, სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ჩაიწერება. მუხლი, რომელიც საჯარო ღონისძიებებში ბავშვების უფლებების დაცვას არეგულირებს, რვა პუნქტისგან შედგება.


პუნქტებში გაწერილია ექსკურსიის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობის ფორმები, საკვების ჰიგიენური დაცვის ნორმებით გადატანისა და პირველადი სამედიცინო დახმარების ვალდებულებები. ვალდებულების მიხედვით, სკოლას არ აქვს უფლება, ტრანსპორტი კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების გარეშე დაიქირავოს. კლასის ხელმძღვანელი ვალდებულია, მოითხოვოს მძღოლის პროფესიული გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, ასევე ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.


კოდექსის დამტკიცების შემთხვევაში, სკოლა, როგორც ექსკურსიის ორგანიზატორი, ვალდებული იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინოს ღონისძიების დეტალები. თუ ექსკურსიისას რამდენიმე ტრანსპორტი იქნება საჭირო, კოლონას საპატრულო პოლიცია გააცილებს. კანონის თანახმად, ექსკურსიაში მონაწილეობას მიიღებს, სკოლის ექიმი ან პირი, რომელიც გადამზადებულია პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში. ასეთი შეიძლება იყოს მანდატური ან მშობელი.


კოდექსის ინიციატორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია. კოდექსი პრინციპების დონეზე უკვე გაწერილია და მისი საკომიტეტო და სასესიო მოსმენები დაიწყება. ამის შემდეგ მას პარლამენტი დაამტკიცებს. კანონის ამოქმედების ვადად 2020 წლის ივნისია განსაზღვრული. კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციების დარღვევა კანონით განსაზღვრულ სხვადასხვა სახის სანქციებს გამოიწვევს.

| Print |
FaceBook Twitter Google