საზოგადოება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების დასუფთავება მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების დასუფთავებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარია გამოყოფილი.


ააიპ "გურჯაანის მუნიციპალურ სერვისში" შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სასაფლაოების და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავებას უზრუნველყოფენ.
სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ზედამხედველობის უფროსი სპეციალისტის, ზვიად კურდღელაშვილის განმარტებით, დასუფთავება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
„გვევალება, საფლავები გარშემო დავასუფთავოთ, რაც შეეხება საფლავის შიდა ტერიტორიას, მომსახურება ფასიანია და თუ ვინმეს სურვილი გაუჩნდება, მიზერულ თანხად მოვემსახურებით.
მუნიციპალიტეტში სულ 36 სასაფლაოა, აქედან დღესდღეობით გასუფთავებულია: ჩუმლაყის ორი, ახაშენის, მუკუზნის, ჩალაუბნის, ჯიმითის, კაჭრეთის ერთი და მახარაძის სასაფლაოები. ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს ძირკოკსა და ვეჯინში. ეტაპობრივად მივდევთ და აღდგომის დღესასწაულამდე დავასრულებთ. თუ მოვასწარით, მიტოვებულ სასაფლაოებსაც დავასუფთავებთ. ყველა სამუშაო იარაღი გვაქვს და ხელი არაფერში გვეშლება. ამის შემდეგ მთელ ტერიტორიას შევწამლავთ ბალახის საწინააღმდეგო წამლით.“

მისივე თქმით, ეს არ იქნება ერთჯერადი დასუფთავება და სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google