საზოგადოება
დავით კირკიტაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლოში არ გამოცხადდა
დღეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ჩანიშნულ დავით კირკიტაძის პროცესზე ბრალდებული არ გამოცხადდა.
როგორც მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ განმარტა, პენიტენციური დაწესებულებიდან შესულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის.

„ბრალდებული არ გამოცხადდა. პენიტენციური დაწესებულებიდან გადმოგზავნილ ახსნა- განმარტებაში ნათქვამია, რომ შეუძლოდ არის და ამის გამო ვერ შეძლებს პროცესზე დასწრებას. თუმცა წარმოდგენილი იყო ასევე პენიტენციური დაწესებულების ექიმის ცნობა, რომ გასინჯვის შემდეგ დავით კირკიტაძეს ავადმყოფობის ნიშანები არ დაუდგინდა. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ ყველაფერი მიმართულია პროცესის გაჭიანურებისკენ. ასევე არ გამოცხადდა არცერთი ადვოკატი. მათ დღეს შესავალი სიტყვა უნდა წარმოედგინათ. თუ მომავალში კვლავ გააგრძელებენ თავის არიდებას და საქმის განხილვის გაჭიანურებას- ჩვენ ვუშუამდგომლებთ, რომ დავით კირკიტაძეს დაენიშნოს სახაზინო ადვოკატი და მათი დასწრების გარეშე გაგრძელდეს სასამართლო სხდომა“- განაცხადა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სანდრო გიორგაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი.

| Print |
FaceBook Twitter Google