საზოგადოება
ბიბლიოთეკაში საჯარო დებატებისთვის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა
გურჯაანის ბიბლიოთეკაში, საჯარო დებატებისთვის მოსამზადებელი ეტაპის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ტრენინგს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლის, 23 დებატ-კლუბის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.


საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელის თინათინ ცერცვაძის განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე ნასწავლის შეჯამება მოხდა.
„დავიწყეთ პროექტი, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს მოიცავს. ჩვენი მიზანია ყველა სკოლაში გავხსნათ დებატების კლუბი, ამისათვის პირველ ეტაპზე მოვამზადეთ მასწავლებლები. მოხდა მათი სერტიფიცირება. შემდეგ მოვამზადეთ მოსწავლეები. ახლა უკვე შემდეგ ეტაპზე გადავალთ, მოხდება განხილვები ყველაზე აქტუალურ თემებზე. დღეს გვაქვს სწორედ მოსამზადებელი სამუშაოები მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან. ახალგაზრდები ისაუბრებენ ისეთ საკითხებზე, რომელიც აქტუალურია რეგიონში. აპრილის ბოლოდან დაიწყება უკვე საჯარო დებატები.“

სოფელ მელაანის საჯარო სკოლის დებატ კლუბის წევრის სალომე წნორიაშვილის თქმით, დებატები მას უნარჩვევების გამომუშავებაში ეხმარება.
„დებატკლუბი სულ სხვა რაღაც გვეგონა და ფორმალური დებატის არსი სხვაგვარად გამოიკვეთა. კერძოდ, მე დამეხმარა უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, პრეზენტაციის უკეთ მომზადებაში. ვისწავლეთ სხვისი აზრის მოსმენა, პატივისცემა, არგუმენტირებული მსჯელობა.“

შეგახსენებთ, რომ პროექტს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ახორციელებს. გურჯაანის მასშტაბით სულ 23 დებატკლუბია შექმნილი. დებატკლუბების მიზანს წარმოადგენს მომავალი თაობის არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ორატორული უნარების განვითარება, მუნიციპალიტეტის განვითარებაში მათი აქტიური ჩართულობა და ადვოკატირების სწავლება.

| Print |
FaceBook Twitter Google