საზოგადოება
თელავის მერია სოციალურად დაუცველ ერთ წლამდე ბავშვთა კვებას დააფინანსებს
თელავის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველ 1 წლამდე ასაკის ბავშვთა კვებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან დააფინანსებს. საკრებულომ, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა.
პროგრამის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 300 ლარი გამოიყო.

„სოციალურ პროგრამას სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს, მაგრამ ჩვილ ბავშვთა ოჯახებს 2-3 თვის განმავლობაში კვების მომლოდინეთა სიაში ყოფნა უწევთ. მერიის მიერ ინიცირებული პროექტი სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განვიხილეთ, რასაც საკრებულომ მხარი დაუჭირა“, - განაცხადა საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, ლევან კოჭლოშვილმა.

აღნიშნული შეღავათით მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 32 ბენეფიციარი ისარგებლებს.


| Print |
FaceBook Twitter Google