საზოგადოება
კარდენახში 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკეს.


საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა პატივსაცემად, კარდენახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს.  მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის თქმით, ეს დღე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია.
„ეს იყო დასაწყისი ახალი და თავისუფალი საქართველოსი. ერთობამ, რომელიც ერში სუფევდა შეძლო ახალი სიცოცხლე შეეტანა ახალი ქვეყნის აშენებაში. ეს დღე კარდენახში ტრადიციულად 9 აპრილის მემორიალთან აღინიშნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასე უფრთხილდებიან გმირების ხსოვნას. ეს განსაკუთრებული დღეა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში.“

მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, 1989 წლის 9 აპრილი საბჭოთა კავშირის რღვევისკენ პირველი გადადგმული ნაბიჯი იყო.
„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ყველა ქართველისთვის. 1989 წლის 9 აპრილს 21 გმირი შეეწირა თავისუფლებისათვის ბრძოლას. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გმირებს. ეს დღე მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის იმ გზაზე, რასაც დამოუკიდებლობის და ევროპის გზა ჰქვია. “

შეგახსენებთ, რომ 30 წლის წინ, თბილისში,რუსთაველის გამზირზე განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს, 21 ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა.

| Print |
FaceBook Twitter Google