საზოგადოება
გოგო იორმუღანლოდან, რომელმაც ქორწინებაზე უარი თქვა [Audio]
23 წლის თოზუ გულმამედოვა რადიო "ივრისის" ჟურნალისტია. ქალი ჟურნალისტი - იორმუღანლოს თემში ეს ერთადერთი შემთხვევაა, აქ ტრადიციულად გოგონები ექიმობას, ან მასწავლებლობას ირჩევენ, მიაჩნიათ, რომ ქალს სწორედ ეს ორი პროფესია შეეფერება.




საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში 20 000-მდე ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს, შიიტები და სუნიტები. მათ განსხვავებული ტრადიციები და შეხედულებები აქვთ. აკრძალული არ არის, თუმცა მიზანშეწონილად არ ითვლება გოგონა მარტო გავიდეს ქუჩაში, ან სამსახურში უცხო კაცებთან ერთად იყოს.

რატომ ელაპარაკება შენი შვილი კაცებს? რას ერევა სხვის საქმეში? რატომ დადის ქუჩაში მარტო? - ამ და სხვა "პრეტენზიებით" თოზუს ოჯახისთვის არაერთხელ მიუმართავთ, თუმცა თოზუს მიაჩნია, რომ თემში „რაღაც-რაღაცეების“ უკეთესობისკენ შეცვლა მხოლოდ თავისუფალ სიტყვას შეუძლია.
თოზუ აბიტურიენტი იყო, გამოცდებისთვის ემზადებოდა, როდესაც დაურეკეს და უთხრეს, ბიჭის ოჯახი მოვა და დაგნიშნავსო. როგორც ამბობს, ეს მისთვის უდიდესი სტრესი იყო. ბიჭის ოჯახს ნასწავლი რძალი არ უნდოდა, ამიტომ გამოცდების დასრულებას დაელოდნენ. თოზუმ კარგად იცოდა, რომ თუკი მასზე იქორწინებდა, სწავლის გაგრძლელების შესაძლებლობას მეუღლის ოჯახი არ მისცემდა. საბოლოოდ ნიშნობა ჩაიშალა, რადგან თოზუმ უნივერსიტეტში მოსამზადებელ კურსზე ჩააბარა.

რაკი თბილისში ცხოვრობდა, სოფელმა გადაწყვიტა, რომ ეს „თავისუფლება ცუდი რამეების ჩადენის საშუალებას აძლევდა“, ამიტომ ამჯერად ის საკუთარ ნათესავზე დანიშნეს.

-„ეს ჩემთვის აუტანელი პერიოდი იყო. ენა ნაკლებად ვიცოდი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ ვისწავლიდი, კურსს როგორ დავხურავდი. ვიცოდი, რომ ოჯახის შექმნის სტრესს ვეღარ გავუძლებდი. ამისთვის მზად არ ვიყავი. ვერ ვეგუებოდი, რომ ვიღაც თავს აძლევდა უფლებას ჩემთვის ეთქვა: ასე რად გაცვია, ასე რად დადიხარ? არადა, ზედმეტი არაფერი, ჩვეულებრივ ვიქცეოდი. როდესაც კონტროლის ქვეშ ხარ, საკუთარ თავს ადამიანად ვეღარ გრძნობ. ოჯახი მიხვდა, რომ ჩემი გათხოვება არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, მთელი დღე ვტიროდი, საშინლად გავხდი. ამას მიხვდა ბიჭის ოჯახიც და ქორწინება არ შედგა,“- გვიყვება თოზუ.

ნათესავების ნაწილი მის მიმართ დღემდე აგრესიულია. მათ მიაჩნიათ, რომ თოზუმ ქორწინების ჩაშლით ამ ბიჭის მიმართ უსამართლობა ჩაიდინა. თავად კი მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი არ ეპარება, რადგან მისი აზრით, თუ ოჯახს შექმნიდა, ორივე მხარისთვის ეს უფრო დიდი უსამართლობა იქნებოდა.

ოჯახს სურდა, შვილი ექიმი გამოსულიყო. თავიდან არც თოზუ იყო ამის წინააღმდეგი, თუმცა მოსამზადებელ კურსზე სწავლის დროს მიხვდა, სხვა პროფესია უნდოდა - ისეთი, რომ სხვების პრობლემებზე საუბარი და მათი დახმარება შეძლებოდა. თოზუს გადაწყვეტილებას ოჯახი არ შეწინააღმდეგებია, თუმცა არჩევანი არ მოეწონათ მის ნათესავებს.

ჟურნალისტიკა მისთვის იორმუღანლოს პრობლემების წინ წამოწევის ერთ-ერთი საშუალებაც იყო.
„აქამდე, ამ თემში არავინ ყოფილა ჟურნალისტი. აქ არსებულ პრობლემებსა თუ სხვადასხვა საკითხებს სხვა ჟურნალისტები აშუქებდნენ. ქალი, რომ გადის გარეთ მარტო და უცხო კაცებთან საუბრობს, ტელეფონში კონტაქტები რომ აქვს, ფეისბუქზე საკუთარი ფოტო უდევს და 4000-მდე მეგობარიც ჰყავს, ეს თემისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ მე ეს შევძელი.“

თოზუს მიმართ უკმაყოფილებას მის ოჯახთანაც გამოთქვამდნენ. ის იხსენებს, როგორ მიდიოდნენ მამამისთან და ეუბნებოდნენ, „შენს გოგოს პატრონი არ ჰყავს, რატომ უშვებ გარეთ კაცებთან, რატომ ერევა ოჯახურ კონფლიქტებშიო“. მას მიაჩნია, რომ ოჯახის შექმნა სავალდებულო არ არის და როცა შეგიყვარდება ეს ნაბიჯი მხოლოდ მაშინ უნდა გადადგა.

„თუ არ ვიქნები მზად ოჯახი შევქმნა, არასოდეს დავქორწინდები.“

თოზუს გულმამედოვას სჯერა, რომ იორმუღანლოს თემის საზოგადოებაში „რაღაც-რაღაცები“ დროსთან ერთად შეიცვლება და ხალხი მიხვდება, რომ თუკი პრობლემებზე საუბრობ, სულაც არ არის ცუდი, რადგან მას ვერ გადაჭრი მანამ, სანამ ხმამაღლა საუბარს არ დაიწყებ.





| Print |
FaceBook Twitter Google