საზოგადოება
საერთაშორისო ტერმინოლოგიურ რესურსს ქართული ენა დაემატა
ქართული ენა ევროკავშირის საერთაშორისო ელექტრონულ ბაზა „EuroTermBank-ს დაემატა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.


უწყების ცნობით, ქართული ენა ჩაერთო ენების ჩამონათვალში და საერთაშორისო ტერმინოლოგიურ ქსელში, აიტვირთა სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ მთარგმნელობითი ცენტრის მიერ დამუშავებული ტერმინები.
„პორტალი ღია და ხელმისაწვდომია როგორც ევროკავშირის წევრი, ისე არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთაც შეუძლიათ უსასყიდლოდ ისარგებლონ იქ დაცული ნებისმიერი რესურსით. ამჟამად საერთაშორისო ტერმინოლოგიურ ბაზაში სულ 42 ენაა, რომელთა შორის პირველად მოხვდა ქართული ენა. ეს სიახლე საშუალებას მისცემს დაწესებულებებს, ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს, უსასყიდლოდ ისარგებლონ აღნიშნული ვებგვერდით და მოიძიონ როგორც ქართული ტერმინის შესატყვისი სხვადასხვა ენაზე შესაბამის ბაზებში, ისე ინგლისური ტერმინის ქართული შესატყვისი.“ - ვკითხულობთ იუსტიციის სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.


მაცნეს მთარგმნელობითმა ცენტრმა „EuroTermBank“-თან მოლაპარაკებები ქართული ენის პოპულარიზაციისა და საკანონმდებლო მაცნეს ევროკავშირის ელექტრონულ ლექსიკონებში ინტეგრაციის მიზნით 2018 წელს დაიწყო.




| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ქართული ენა /