საზოგადოება
გურჯაანში მემორიალზე მხოლოდ ერთმა ვეტერანმა შეძლო მოსვლა
დღეს გურჯაანში დიდების მემორიალზე ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღნიშნეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ყვავილებით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი.  ,,დიდების მემორიალის" ხსოვნის კედელთან ყველა სოფლის წარმომადგენლებმა მიიტანა გვირგვინი და  დამსწრე საზოგადოებას მათ 9 მაისი კიდევ ერთხელ მიულოცეს.



მუნიციპალიტეტის მასშტაბით დარჩენილი ომის ექვსი ვეტერანიდან დღეს მემორიალზე მისვლა მხოლოდ ერთმა, სოფელ გურჯაანის მკვიდრმა, იოსებ ბეციაშვილმა შეძლო.
„დღეს არ შემეძლო, რომ არ მოვსულიყავი. მიხარია, რომ გამარჯვების დღე აღინიშნება და არ გვივიწყებენ. ომის დროს, ხან სად ვიბრძოდი, ხან სად. კარგია, რომ ცოცხალი დავუბრუნდი ჩემს ოჯახს.“-აღნიშნა მან.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, რეგიონის მასშტაბით სულ 40 ვეტერანი დარჩა.
„ დღევანდელ დღეს ვულოცავ, პირველ რიგში, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და შემდეგ სრულიად საქართველოს. ეს დღე კიდევ უფრო იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ფაქტობრივად, არ არსებობს საქართველოში ოჯახი, რომელსაც პირდაპირ თუ ირიბად არ შეხებოდა ეს დიდი ტრაგედია. ბევრმა საქართველოს მოქალაქემ დადო თავი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. “

მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით, ვეტერანებს საჩუქრად 300 ლარი გადასცეს. მეორე მსოფლიო ომში გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან სულ 12600 ახალგაზრდა წავიდა და მხოლოდ 4600 დაბრუნდა.

| Print |
FaceBook Twitter Google