საზოგადოება
კაჭრეთში მევენახეთა კონფერენცია გაიმართება
18 მაისს 11 საათზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაჭრეთში მდებარე სასტუმრო „ამბასადორში“ მევენახეთა კონფერენცია ჩატარდება.



მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ეკა ცისკარაშვილის განმარტებით, კონფერენცია მუნიციპალიტეტში პირველად გაიმართება და მას ყოველწლიური ხასიათი მიეცემა.
„მთავარი თემაა მევენახეობის სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. ასევე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ადგილწარმოშობის დასახელებები და გეოგრაფიული აღნიშვნები, ვენახების კადასტრი, ვაზის ჯიშები და ვაზის სანერგე სექტორი, საოჯახო ტიპის მარნები, მათი განვითარება და ა.შ. 11 საათზე იქნება ოფიციალური გახსნა და ამის შემდეგ პანელ დისკუსიის ფორმატში გაგრძელდება სხვადასხვა საკითხების განხილვა.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ მევენახეები, რომლებსაც მინიმუმ 3 ჰექტარი ვენახი მაინც აქვთ. ასევე, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები. სულ, დაახლოებით, 300 ადამიანი. იქნებიან წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, გუბერნიიდან, პარლამენტიდან, საელჩოებიდან და ადგილობრივი თვითმმართველობიდან. “


მისივე თქმით, პროექტი ინიცირებულია გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის მიერ და მხარდამჭერია ადგილობრივი მერია, საქართველოს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქპატენტი, ღვინის ეროვნული სააგენტო და სასტუმრო ამბასადორი.

| Print |
FaceBook Twitter Google