საზოგადოება
ყვარელში 11 თვის ჩვილის გარდაცვალების მიზეზად მშობლები ქათმის წვნიანს ასახელებენ
ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 11 თვის ჩვილის მშობლების მტკიცებით, სიკვდილის მიზეზი, ერთ-ერთი კომპანიის მიერ წარმოებული ქათმის ხორცით მომზადებული ბულიონით ინტოქსიკაცია გახდა. გამყრელიძეები სოფელ ახალსოფელში ცხოვრობენ. მათი თქმით, წვნიანის მიღების შემდეგ მათაც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. მშობლების მტკიცებით, ქათმის ხორცს, ისევე როგორც ბრინჯს, შენახვის ვადა ჰქონდა გასული.

"ბავშვი უკვე ძალიან გართულებული მდგომარეობით შემოიყვანეს ჩვენთან, ინტოქსიკაციის ნიშნებით და შემოყვანიდან 5 წუთში დაფიქსირდა კლინიკური სიკვდილი. ვერანაირი რეანიმაციული საშუალებებით ვერ შევძელით სამწუხაროდ მისი გადარჩენა. იგივე ინტოქსიკაციის სიმპტომატიკით შემოიყვანეს მისი მშობლებიც, მათ ჩაუტარდათ გამორეცხვები და ყველა საჭირო პროცედურა და მოგვიანებით მკურნალობის გაგრძელების მიზნით თბილისში იქნენ გადაყვანილნი. მე არ შემიძლია ზუსტად დასახელება რა სახის ინტოქსიკაცია იყო, კვებითი თუ სხვა სახის, ამას უკვე გამოძიება დაადგენს,"-განაცხადა ყვარლის საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ზურა გაუარაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google