საზოგადოება
„კახეთი იონს“ ფრანგი პარლამენტარები სტუმრობდნენ
დღეს „კახეთი იონში“ სტუმრად საფრანგეთის პარლამენტის საქართველოს პარლამეტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ. მათ დაათვალიერეს სამედიცინო ცენტრი და მისი დაფუძნებისა და მუშაობის ისტორიას გაეცნენ.


შეხვედრა გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით შედგა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მათი სტუმრობა საქართველოსთვის და კერძოდ, გურჯაანისთვის ძალიან მნიშნელოვანია.
„საქართველოსა და საფრანგეთის პარლამენტებს შორის მეგობრობის ფარგლებში ჩამოსულია პარლამენტის ოთხი წევრი. ისინი ათვალიერებენ საფრანგეთისა და საქართველოს მიერ ერთობლივად განხორციელებულ პროექტებს. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია „კახეთი იონის“ სამედიცინო ცენტრი. ვიზიტის მიზანი იმ ურთიერთობის გაღრმავებაა, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. 2017 წელს შეიქმნა საფრანგეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი და ძალიან მნიშნელოვანია ის, რომ ამ ეგიდით ისინი პირველად არიან ჩვენთან.“


ჟერსის დეპარტამენტის დეპუტატის და ფრანგულ-ქართული საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის ჟან რენე კაზნევის განმარტებით, ფრანგ და ქართველ ხალხს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ.
„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ფრანგ ხალხს ძალიან უყვარს საქართველო. ამის დასტურია ის საპარლამენტო ვიზიტები, რომლებიც რეგულარულად ხორციელდება. ძალიან მოგვეწონა სამედიცინო ცენტრი. არაჩვეულებრივი დაწესებულებაა და გვიხარია, რომ სწორედ ფრანგულ ქართული თანამშრომლობისა და მეგობრობის შედეგად შეიქმნა.
ჩვენი ვიზიტის მიზანია განვითარდეს ურთიერთობები საფრანგეთსა და საქართველოს შორის. არსებობს საკითხები, რომლებიც გვაინტერესებს. მაგალითად : ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ღვინის წარმოება და ა.შ. შესაბამისად, ვეძებთ იმ სფეროებს, სადაც შესაძლოა მომავალში ურთიერთთანამშრომლობა განვავითაროთ. “


სამედიცინო ცენტრ „კახეთი იონის “ გენერალური დირექტორის თამარ ცანკაშვილის თქმით, სტუმრები ცენტრის მუშაობას და სერვისებს გაეცნენ.
„საკმაოდ მნიშვნელოვანი სტუმრები გვყავდა. ვუმასპინძლეთ ფრანგ პარლამენტარებს. ისინი კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ რაოდენ მნიშნელოვანია ამ ორი მხარის დამეგობრება. მათ დაათვალიერეს ჩვენი ცენტრი, გაეცნენ ჩვენს სერვისებს და ვფიქრობ რომ ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. “


შეხვედრას სტუმრებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google