საზოგადოება
ხვალ ალვანში საპროტესტო აქცია გაიმართება
ხვალ ქვემო ალვანში 12 საათზე თუშეთის გზის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება.



სამი სოფლის ქვემო ალვანის, ზემო ალვანისა და ლალისურის მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზისთვის სათანადო ყურადღების მიქცევაა.
აქციის ერთ ერთი ორგანიზატორის გიორგი აბულაძის თქმით, თუშეთში ისედაც ხანმოკლე ტურისტული სეზონია, გზის ჩაკეტვის გამო კი მოსახლეობის ფინანსური ზარალი უფრო მატულობს.
,,აქციის ჩატარების მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ გზას არასათანადო ყურადღება ექცევა, შეიძლება დღეს და ხვალ თუშეთის გზა გაიხსნას და წყლის დონე დაწიონ, მაგრამ წვიმა მოვა და ისევ იგივე პრობლემა შეიქმნება. სამი წელია მეწყერი ჩამოწვა და სულ ეს პრობლემაა მას შემდეგ, თუმცა ამ დრომდე ვერ მოაგვარა ხელისუფლებამ თუშეთის გზის პრობლემა. ახლაც ისეთი პერიოდია, ბარიდან მთისკენ გადაჰყავს საქონელი მოსახლოებას და უღელტეხილის გასავლის შემდეგ, ტბის მონაკვეთზე ყელამდე წყალში, ყინულივით ცივი მდინარის წყალში უწევთ სიარული. ზარალი დიდია, როგორც ტურისტული კუთხით, ასევე მესაქონლეობის მიმართულებით, გაუქმდა დაგეგმილი ტურები, გზაზე იხოცება პირუტყვი. ხვალ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ სათანადო ყურადღება მიექცეს ამ გზას და დროულად გაიხსნას.“


შეგახსენებთ, რომ იგივე მოთხოვნით აქცია ადგილობრივმა მოსახლეობამ 2 მაისსაც გამართა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ალვანი / აქცია / გზა /