საზოგადოება
მერი ჩვენი არჩეულია და ჩვენვე მოვუვლით-გლეხური ბაზრის მოვაჭრეები
გურჯაანში „გლეხური ბაზრის“ დემონტაჟი რამდენიმე დღეში დაიწყება. ალტერნატიული ფართი, სადაც მოვაჭრეების დროებით გადაყვანა იგეგმება, დღეს მუნიციპალიტეტის მერმა მოინახულა.



მოვაჭრეები კი აქციით იმუქრებიან და ამბობენ, რომ დახლებს საკუთარი ნებით არ დატოვებენ. ისინი მერთან შეხვედრას ითხოვენ.
„ არავინ არის ჩვენი პატრონი. არავითარ შემთხვევაში აქედან არ გავალთ. ჯერ ბანკის ვალები გადაგვიხადონ. პროცენტები კერძო პირებისგანაც გვაქვს აღებული და ლამის დაგვხოცონ. მოვიდეს მერი და შეგვხდეს, არჩევნებისთვის ყოველდღე აქ იყო, რომ ხმა მიგვეცა. ჩვენი არჩეულია და ჩვენვე მოვუვლით. „პალატკის“ ქვეშ ერთი საათი თვითონ გაჩერდნენ და მერე ჩვენც წავალთ. ნახონ ერთი, როგორია სიცხეში დგომა. მოგვაქციონ ყურადღება, თორემ გზას გადავკეტავთ.“

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა აღნიშნა, გურჯაანს სუფთა და მოწესრიგებული ბაზარი სჭირდება და ამიტომ მისი დემონტაჟი აუცილებელია.
„მეპატრონეებთან შეთანხმება მიღწეულია. მოვაჭრეების დროებით რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადმოვლენ. აქ განთავსდება დახლები და მაგიდები, მზისგან და წვიმისგან დასაცავად გადაეფარება ტენტები. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მათ პრობლემები შევუმსუბუქოთ. გარანტი ვხდებით, რომ ორი თვის შემდეგ ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან განახლებულ აგრარულ ბაზარში. ხვალ დილით ადგილი უკვე მოწესრიგებული იქნება და ამის მერე მეპატრონეები დაიწყებენ დემონტაჟს. ჩვენთვის მთავარი იყო ალტერნატიული ფართი შეგვეთავაზებინა, ეს ჩვენი ვალდებულებაა.“

მისივე თქმით, ამ ლოკაციაზე გადმოსვლა გარემოვაჭრეებსაც ეხება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ შესაბამისი ზომები გატარდება.  დღის ბოლოს არჩილ ხანდამაშვილი მოვაჭრეებს შეხვდა, თუმცა ისინი საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google