საზოგადოება
საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება
17 ივნისს საქართველოს საჯარო სკოლებში, სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება.



გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განცხადებით, სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა 3 წლის ვადით ხდება.
„უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები სამეურვეო საბჭოს არჩევნებისთვის. სკოლებში შეიქმნა საარჩევნო კომისიები. მასში შედის: ერთი მოსწავლე, ერთი მასწავლებელი, ერთი მშობელი და ორი გარეშე პირი. სკოლაში მოსწავლეთა რიცხოვნობიდან გამომდინარე, განსაზღვრულია სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა. თუ რაოდენობა ხუთასზე ნაკლებია, სამეურვეო საბჭოში ირჩევა ექვსი წევრი, ხოლო თუ მეტია, მაშინ-12 წევრი. სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“ 

მისივე თქმით, კანდიდატთა რეგისტრაცია 5 ივნისიდან დაიწყება და 11 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი.

| Print |
FaceBook Twitter Google