საზოგადოება
„კახური ღვინის მარანს“ სლოვაკი ჟურნალისტები სტუმრობდნენ
გურჯაანის „კახური ღვინის მარანს“ ცხრა ჟურნალისტის შემადგენლობით სლოვაკეთის დელეგაცია სტუმრობდა. ისინი სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები იყვნენ.



საქართველოს საპატიო კონსულის სლოვაკეთის რესპუბლიკაში, ნოდარ გიორგაძის განმარტებით, მათი ჩამოსვლის მიზანი ქართული კულტურის გაცნობაა.
„ჩამოვიდნენ საქართველოში, რომ გაეცნონ ქართულ კულტურას, ხელოვნებას, ფოლკლორს, ქართულ ღვინოს და ისტორიას. უკვე რამდენიმე დღეა ისინი სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობენ. ამჟამად გურჯაანის „კახური ღვინის მარანში“ გავდივართ დეგუსტაციას. სხვათა შორის, ამ კომპანიიდან წლებია შეგვაქვს ქართული ღვინოები სლოვაკეთში, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. სტუმრებს აინტერესებთ ნახონ რეალურად როგორ მზადდება ეს ღვინო. ვფიქრობ, აღნიშნული ტური ძალიან შეუწყობს ხელს ჩვენი ღვინის და გურჯაანის პოპულარიზაციას ევროპაში და მათ შორის, პირველ რიგში, სლოვაკეთში.“

ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის შეფრედაქტორი, ჯგუფის ხელმძღვანელი იან კუბიში ამბობს, რომ საქართველოში პირველად იმყოფება და მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ღამის თბილისმა მოახდინა.
„თქვენ ერთ -ერთი პირველი ქრისტიანული სახელმწიფო ხართ და გაქვთ ისეთი ძეგლები, რომლებიც ქრისტიანობის დასაწყისშია შემქნილი. ეს უზარმაზარი ისტორიაა, რომლითაც შეიძლება ნებისმიერმა ერმა იამაყოს. ამას დიდ პატივს ვცემთ და ვაფასებთ. გვიხარია, იმ ქვეყანაში რომ ვართ, სადაც ქრისტიანობა იბადებოდა.“

„კახური ღვინის მარნის“ მთავარი ტექნოლოგის თემურ გონჯელაშვილის განცხადებით, სტუმრებს ქართული პროდუქციის დამზადება აინტერესებთ.
„ისინი ჩვენი ღვინის მომავალი მომხმარებლები არიან და აინტერესებთ პროდუქცია სად მზადდება, როგორია ქარხანა და ა.შ. ამიტომ ჩამოვიდნენ დღეს ჩვენთან. ჩამოვიდნენ, რომ ყველაფერი დააჭაშნიკონ და წინასწარ იცოდნენ რას უნდა ელოდნენ ქართული ღვინისგან.“

როგორც თემურ გონჯელაშვილი ამბობს, ღვინის პირველ პარტიას სლოვაკეთში, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გააგზავნიან.

| Print |
FaceBook Twitter Google