საზოგადოება
მიმდინარე წელს შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში 110 მშობელი ამხილეს
2019  წლის ხუთ თვეში შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში შსს-ს მიერ 110 მშობელი იქნა მხილებული. 15 შემთხვევაში, მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში - მამა/მამინაცვალი.
აღნიშნული შემთხვევებიდან 79%-ში მიღებულ იქნა პირის დაკავების გადაწყვეტილება.

უწყების ინფორმაციით, ძალადობის ფორმებს შორის ადგილი ჰქონდა: სახეში, თავში ან სხეულის სხვადასხვა ადგილას განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ასევე მუქარას, სისტემატურ ფსიქოლოგიურ ან სხვა სახის ძალადობას.

შემაკავებელი ორდერი გამოიცა არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის 37 ფაქტზე. აქედან, 28 შემთხვევაში უგულებელყოფა განახორციელა დედამ, 7 შემთხვევაში მამამ, ხოლო 2 შემთხვევაში - სხვა პირმა.

არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა გამოიხატა: ბავშვის მოუვლელობაში, საკვების მიუცემლობაში, ბავშვის ანტისანიტარულ გარემოში ცხოვრებაში, ბავშვის მიერ მავნე-ჩვევების ათვისების ხელშეწყობაში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მშობელს ჰქონდა ბავშვის სათანადო პირობებით უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

შს სამინისტროს განცხადებით, წინა წლებთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულებზე არასრულწლოვან მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების მხრიდან მიმართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.
| Print |
FaceBook Twitter Google