საზოგადოება
გარემოსდამცველის დაჭრაში ბრალდებულებს ბრაკონიერობა არ დაუმტკიცდათ
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამსახურის უფროსის ბესიკ შუბითიძის დაჭრის ფაქტზე ბრალდებული ორი პირი გურჯაანის სასამართლომ ადმინისტრაციულ ნაწილში, რომელიც უკანონო ნადირობასა და ელექტროშოკით თევზაობას გულისხმობდა, გაამართლა.
როგორც speqtri.ge-ს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, უჩა ილაშვილსა და თორნიკე ტურიაშვილს ინცინდენტის დროს ელექტროშოკური აპარატით არ უთევზავიათ.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, გამოძიება ისევ მიმდინარეობს. თორნიკე ტურიაშვილს თანამდებობის პირზე თავდასხმას ედავებიან და მის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც შეეხება უჩა ილაშვილს, მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი.

-“სასამართლომ ორივე პირი უდანაშაულოდ სცნო ადმინისტრაციულ საქმეში. ამ გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის ნაწილში, ვფიქრობ, დიდი გავლენა ექნება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომელი, რომელიც შეიარაღებული იყო, ჩვენებაში აცხადებდა, რომ ილაშვილი და ტურიაშვილი ელექტროშოკური აპარატით თევზაობდნენ და სწორედ ამიტომ მოუწოდა გამოსულიყვნენ მდინარიდან. ამ ფაქტს რეალურად ადგილი არ ჰქონია და ეს ამ ადამიანის გამოგონილია. ბრალდებულები ამბობენ, რომ გარემოსდამცველმა მათ დაუწყო გინება, ყვირილი და შემდეგ დაახლოებით 12-ჯერ ისროლა მათი მიმართულებით. ერთ- ერთს ცეცხლნასროლი დაზიანება აქვს, როგორც ამბობს 4-ჯერ მოხვდა ტყვია. ილაშვილს ედავებიან დანაშაულის შეუტყობინებლობას, რეალურად დანაშაული რომც ყოფილიყო, ის ვერ მოახერხებდა ამის შეტყობინებას ალაზნის ჭალიდან. პროკურატურა ამ ბრალდებით ავალებს მას, რომ ელექტროშოკით თევზაობა ეღიარებინა, რაც რეალურად არ მომხდარა. დანაშაული არ იკვეთება, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი კი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს იძლევა,“- განუცხადა ჩოფიკაშვილმა speqtri.ge-ს.

წინასასამართლო სხდომა აღნიშნულ საქმეზე 15 ივლისსაა ჩანიშნული.

ცნობისთვის, ინცინდენტი ბრალდებულებსა და გარემოსდამცველს შორის მიმდინარე წლის 23 მარტს მოხდა. ბრალდების მტკიცებით, ბესიკ შუბითიძე თანამშომელთან ერთად გეგმიურ შემოვლაზე გურჯაანში, მდინარე ალაზნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც საეჭვო ბრაკონიერები შენიშნა, მათ კი ცეცხლი გაუხსნეს.


| Print |
FaceBook Twitter Google