საზოგადოება
ანაგელებმა სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს
სასმელი წყლის მოთხოვნით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, თითქმის ორი თვეა, რამდენიმე ათეული ოჯახი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.



,,ორ თვეზე მეტია, ათობით ოჯახის წყლის მოტანა მეზობელი სოფლიდან გვიწევს. უტრანსპორტობის გამო, ბევრს ამის საშუალებაც  არ აქვს. ზოგიერთ ოჯახს სამელიორაციო სისტემაზე მილები უკანონოს აქვს მიერთებული, რამაც სოფელში წყლის დეფიციტი გამოიწვია," - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მოსახლეობის მოთხოვნები პირადად მოისმინა სიღნაღის ვიცე-მერმა. მადონა ბატიაშვილი განმარტავს, რომ მერიის შესაბამისი სამსახური ვითარებას ადგილზე შეისწავლის და პრობლემას უახლოეს პერიოდში მოაგვარებს.

,,სოფელ ანაგაში გასულ წლებშიც მოეწყო ჭაბურღილი და ახლაც მიმდინარეობს სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, რომელიც ცოტა დროში გაიწელა, რადგან გარკვეული შეთანხმებები იყო საჭირო. მთლიანად ახალი მაგისტრალური ქსელი იქნება, რომელიც სოფლის ნახევარს დააკმაყოფილებს. პროექტზე 360 000 ლარი დაიხარჯება და აგვისტოს თვეში დასრულდება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სოფლებში არის საუბნო წყლები, გარკვეულ შემთხვევებში მოსახლეობა ვერ თანხმდება და ხდება წყლის თვითნებურად მიერთება, რაც იწვევს ადგილობრივებს შორის დაპირისპირებას. მერია არ არის ის ორგანო, რომელსაც ასეთი ადამიანების დაჯარიმება შეუძლია, უბრალოდ მოსახლეობა უნდა შეთანხმდეს ერთმანეთში და ჩვენ მზად ვართ, ჩვენის მხრივ, ტექნიკით დავეხმაროთ." - განაცხადა  მადონა ბატიაშვილმა.



მსგავსი თემები:

სოფელ ომალოს მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება

გურჯაანის მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება

აქცია ზემო ბოდბეში - მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს


| Print |
FaceBook Twitter Google