საზოგადოება
თელავში პროპორციულ საარჩევნო სისტემასა და ნულოვან ბარიერზე იმსჯელეს
დღეს, თელავის დემოკრატიის სკოლაში, პროპორციულ საარჩევნო სისტემასა და ნულოვან ბარიერზე იმსჯელეს.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, ასევე სამოქალაქო აქტივისტებმა.

-„პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ყველა პოლიტიკური პარტიის მთავარი მოთხოვნა იყო. ეს მათთვის დამატებითი შესაძლებლობა იქნება. სიახლე მოქალაქეებისთვის შეცვლის იმას, რომ აღარ დაიკარგება იმდენი ხმა, რამდენიც შერეული სისტემის დროს. ამომრჩევლების ხმა ადეკვატურად იქნება ასახული საქართველოს პარლამენტში,-აღნიშნა თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორმა ნიკოლოზ შარვაშიძემ.

როგორც ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელმა ნიკა ვარდოშვილმა განაცხადა, ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით დიდი რისკი არსებობს და შესაძლოა, პარლამენტში დესტრუქციული ძალები მოხვდნენ.

-„მაჟორიტარული სისტემა ცალსახად გასაუქმებელია, ეს მთელი პოლიტიკური სპექტრის ათწლეულების მოთხოვნაა. უნდა დამთავრდნენ ის არაფრისმაქნისები, ვინც სხედან პარლამენტში. ნულპროცენტიან ბარიერს რაც შეეხება, აქ დიდი რისკი არსებობს. სამი გიჟი რომ შეიკრიბოს და პარტია შექმნას, თავისუფლად შეუძლიათ პარლამეტის წევრები გახდნენ. ეს პირველ რიგში აწყობს მთავრობას, რომ როგორმე შეაკოწიწოს უმრავლეობა. ჭრელი პარლამენტი, სადაც გაურკვეველი ჯგუფები იქნება წარმოდგენილი, არჩევის დღიდანვე დაშლისთვისაა განწირული. დესტრუქციულ ძალებს არ უნდა მიეცეთ პარლამენტში მოხვედრის საშუალება. ბარიერი უნდა არსებობდეს, პოლიტიკურ ძალას მინიმალური მხარდაჭერა მაინც უნდა ჰქონდეს“

დღევანდელ შეხვედრას „ქართული ოცნებიდან“ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ბენო გეგეჭკორი ესწრებოდა. ის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და ნულოვან ბარიერს დადებითად აფასებს.

-„პროპორციული სისტემა ყველაზე დემოკრატიული სისტემაა საარჩევნო გარემოსთვის. კონსტიტუციაში ჩაწერილი იყო, რომ 2024 წლის ადგილობრივი თითმმართველობის არჩევნები ამ სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ეს არის ყველაზე კარგი სისტემა, თუკი რაიმე არსებობს განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში. კარგია იმ გაგებით, რომ აბსოლუტურად ყველა მოქალაქის ხმა იქნება ასახული პარლამენტში. ის, რა მოდელიც დღესაა დაანონსებული ხელისუფლების მხრიდან- ნულოვანი ბარიერი, ნიშნავს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას პოლიტიკური პარტიებისთვის. ერთადერთი, რაც მინუსია, გადასვლა უნდა მომხდარიყო თანმიმდევრულად და არა მყისიერად, რადგან დღეს ძლიერი პოლიტიკური პარტიების დეფიციტია“.

დემოკრატიის სკოლის ორგანიზებით დისკუსია საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართება.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ დაწყებულ საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მხოლოდ პროპორციული სისტემით, საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტია დათანხმდა. ასევე არსებობს დათქმა, რომ საარჩევნო ბარიერი უნდა გაუქმდეს.


| Print |
FaceBook Twitter Google