საზოგადოება
დებატკლუბების მონაწილეები სიგელებით დააჯილდოეს
საჯარო ბიბლიოთეკაში „დებატების კლუბების“ დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა. პროექტის შემაჯამებელი ანგარიში საზოგადოებას საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა თინათინ ცერცვაძემ წარუდგინა.



„გურჯაანელმა მოსწავლეებმა აქტიურად იმუშავეს. მათ ყველა დაგეგმილ ღონისძიებაში სრულფასოვნად მიიღეს მონაწილეობა. გარდა ამისა, სამი მოსწავლე გახდა წარმატებული მოდებატე. ისინი მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ტურნირში სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო მოდებატეები იყრიან თავს.“


წარმატებული მოდებატეები და სხვა მონაწილეები, შესაბამისი სიგელებით გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა დააჯილდოა. როგორც მან აღნიშნა, ამ პროექტის განხორციელებით ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ არაფორმალური განათლება.
„პროექტის საშუალებით მოსწავლეები იმ უნარებს იძენენ, რომელიც მნიშვნელოვანია მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ეტაპზე. მინდა აღვნიშნო, რომ საუკეთესო ათ მოდებატეს შორის, სამი გურჯაანელია. ისინი სლოვაკეთში გაემგზავრებიან. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობას იღებდა პროექტში.“


ერთ-ერთი საუკეთესო მოდებატის, ლიკა ხაჩიშვილის თქმით, დებატკლუბებში მონაწილეობამ მას დიდი გამოცდილება შესძინა.
„ეს პროექტი მხოლოდ ჩემთვის კი არა, ყველა გურჯაანელისთვის მნიშვნელოვანია. მან დიდი გამოცდილება შემძინა მეც და ბევრ ჩემს მეგობარს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ორგანიზატორს და გურჯაანის მერიას. ის, რომ სამი მოსწავლე აგვისტოში საერთაშორისო ფორუმზე მივდივართ, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. შესაძლებლობა მაქვს ვასახელო ჩემი მუნიციპალიტეტი, რაც ძალიან მახარებს.“


ღონისძიებას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლელა თევდორაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, პროექტში მონაწილე სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, მოდებატე მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google