საზოგადოება
2020 წელს თელავში 11 მილიონი ლარის პროექტების განხორციელება იგეგმება
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის წარსადგენი პროექტები განიხილა და მხარი დაუჭირა.
2020 წელს თელავის მუნიციპალიტეტში 60-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება, რისთვისაც დაახლოებით 11 მილიონი ლარია საჭირო.

პროექტები მოიცავს გარე განათების მოწყობას, გზების, წყალმომარაგების სისტემისა და სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაციას.

დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების მოწონებაზე საკრებულოს 2019 წლის 7 ივნისის განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ქსოვრელიშვილმა აღნიშნა, 2019 წლის 7 ივნისის განკარგულებით გათვალისწინებულია თურდოს, კისისხევისა და დოლიაურის ხევების ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, თუმცა პროექტები შესყიდული არ არის.

„თელავის მუნიციპალიტეტი სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებს შესაბამისი ნებართვის საფუძველზე ყიდულობს გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით და ჩვენ უკვე შევარჩიეთ საპროექტო კომპანია შ.პ.ს. „მ-პროექტი“. კომპანიის საპროექტო ჯგუფმა ადგილზე შეისწავლა ხევების მდგომარეობა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ თურდოს, კისისხევისა და დოლიაურის ხევების ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება არ არის მიზანშეწონილი, სანამ მათი კალაპოტი ჭარბი ნატანისგან არ გაიწმინდება“, - განაცხადა დავით ქსოვრელიშვილმა.

საკრებულოს დეპუტატებმა მერიის მიერ ინიცირებულ პროექტს მხარი დაუჭირეს. 

| Print |
FaceBook Twitter Google