საზოგადოება
მთის განვითარების ახალი სტრატეგია, კიდევ უფრო ამბიციურია - მამუკა ბახტაძე
საქართველოს მთავრობამ „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2019-2023“ დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას www.gov.ge ავრცელებს.


სტრატეგიული ხედვის შესაბამისად, საბაზისო ინფრასტრუქტურის, სოციალური და საჯარო სერვისების, ტურისტული მიმზიდველობის, ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის გზით, 2023 წლისათვის მაღალმთიან დასახლებებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოსახლეობის ცხოვრების დონე და დემოგრაფიული დინამიკა.


პრემიერ-მინისტრ, მამუკა ბახტაძის თქმით, პარტნიორებთან ერთად შემუშავებული მთის განვითარების ახალი სტრატეგია, კიდევ უფრო ამბიციურია.
„ეს არის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, რომელიც ახალ დონეზე აიყვანს მთის განვითარებას საქართველოში. ამ ხედვის მისაღწევად აუცილებელია მაღალმთიანი რეგიონებში ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, სამეწარმეო საქმიანობის განვითარება, დასახლებებში მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა, კიდევ უფრო მასშტაბური პროექტებით. ჯანდაცვის და სხვა ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება, ინოვაციური სისტემების დანერგვა, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და სხვა. ეს გახლავთ გაცხადებული მიზნები, თითოეული ამ მიზნის უკან არის სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს გაზრდილ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, კერძოდ, სასწრაფო დახმარების შენობების, ამბულატორიების, საბავშვო ბაღების, სკოლების, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა, ინტერნეტიზაცია და სხვა".


მისივე თქმით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 1,700-ზე მეტ დასახლებას აქვს მინიჭებული. მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით კი თითქმის 250 000 პირი სარგებლობს.

| Print |
FaceBook Twitter Google