საზოგადოება
ახტალა, ცნობილი კურორტია, თუმცა მე პირველად ვარ - სალომე ზურაბიშვილი
დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გურჯაანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მან დაათვალიერა კურორტი „ახტალა“ და ესტუმრა სამედიცინო ცენტრ  „კახეთი იონს“.


როგორც პრეზიდენტმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მისი ჩამოსვლის მთავარი მიზანი რეგიონებში პრობლემების და არსებული პოტენციალის გაცნობაა.
„ახტალა, ეს ძველი და ცნობილი კურორტია, თუმცა მე პირველად ვარ. გუშინ ვიყავით უჯარმაში, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებობს კიდევ 44 სხვადასხვა სამკურნალო წყალი. ეს არის გამაჯანსაღებელი კურორტები და ყველანაირად შეიძლება, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპისთვის ამ კუთხით ძალიან მიმზიდველი ქვეყანა, სადაც შეიძლება ჩამოხვიდე არა მხოლოდ დასასვენებლად, არამედ სამკურნალოდ. ჩემი რეგიონებში სტუმრობის მიზანია ადგილზე გავეცნო ადგილობრივ პრობლემებს და შესაძლებლობებს. მოგეხსენებათ, კახეთი არის პოტენციალით სავსე კუთხე. მე რეგიონების ერთგვარი ელჩი ვარ ცენტრალურ ხელისუფლებასთან.“


მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის განმარტებით, პრეზიდენტის ჩამოსვლა რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„კახეთშიპრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანია. ეს კიდევ უფრო უსვავს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის რეგიონების განვითარება და იქ მიმდინარე პროექტები. თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული, რომ რეგიონი განვითარდეს და წინ წავიდეს.“


გურჯაანის შემდეგ პრეზიდენტი სოფელ ველისციხეში გაემგზავრა სადაც ის ღვინის მარნებს დაათვალიერებს.

| Print |
FaceBook Twitter Google