საზოგადოება
პარლამენტს ქარსაფარი ზოლების შესახებ კანონის მიღების დაჩქარებას სთხოვენ
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის წევრმა პავლე თავაძემ, manifest.ge-ზე დაარეგისტრირა პეტიცია იმის შესახებ, რომ დაჩქარდეს საქართველოს კანონის მიღება ქარსაფარი ზოლების შესახებ.
-"დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე, უმართავი ხანძრების გამო შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა. სასოფლო სამეურნეო ნაკვეთებში მოსავლის აღების შემდეგ ათასობით ჰექტარზე გავრცელდა ხანძარი. სამწუხაროდ უპასუხისმგებლო ფერმერების მიერ დამკვიდრებული ასეთი პრაქტიკა წლიდან წლამდე მეორდება, ნადგურდება ქარსაფარი ზოლები, რითაც დიდი ზიანი ადგება, როგორც სოფლის მეურნეობას ასევე ბიომრავალფეროვნებას. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის და შსს-ს კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს სახანძრო სამაშველო განყოფილების თანამშრომლები ცდილობენ, როგორც პროფილაქტიკური ღონისძიებებით, ასევე ხანძრების ლიკვიდაციით, შეაჩერონ ქარსაფარი ზოლების განადგურება, მაგრამ ეს მათ ძალებს აშკარად აღემატება. ჩვენ და ჩვენი მხარდამჭერები მოვითხოვთ დაჩქარდეს საქართველოს კანონის მიღება ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ,"-ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციას 24 საათში 500-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე გამარჯვებულია. ახლა ორიგინალი ხელმოწერები გროვდება და პროცესი ორშაბათამდე გაგრძელდება.

აღნიშნულ საკითხზე კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დედოფლისწყაროში ფერმერებს შეხვდნენ.

როგორც ცნობილია, კანონპროექტი „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ“ პარლამენტის აგრარულმა კომიტეტმა 2018 წელს მოამზადა. მისი მიზანი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ქარსაფარი ზოლების აღდგენის, გაშენების, მოვლისა და დაცვის ხელშეწყობა, ქარით გამოწვეული ნიადაგის ეროზიული პროცესების თავიდან აცილებაა. ამ დროისთვის კანონპროექტი განხილვის პროცესშია.

გასულ კვირას, შირაქში რამდენიმე ათეულ ჰექტარზე ხანძარი გაჩნდა, რის გამოც ქარსაფარი ზოლიც დაიწვა.


ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ამირან კოდიაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ სახელმწიფომ მიიღოს მარტივი კანონი ნაკვეთების გადაწვასთან დაკავშირებით.




| Print |
FaceBook Twitter Google