საზოგადოება
ხილის რთველის დასასრული გურჯაანში ფესტივალით აღნიშნეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ხილის ფესტივალი 2019“ ჩატარდა.
ღონისძიებამ ტრადიციული სახე მიიღო და გურჯაანი უკვე მეორე წელია მასპინძლობს. ფესტივალის გამართვის მიზანს კახეთის რეგიონში მეხილეობის დარგის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

ფესტივალზე მოწვეულები იყვნენ ხილის ადგილობრივი მწარმოებლები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, ბიზნეს სექტორის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა აქცენტი წარმატებულად ჩატარებულ ხილის რთველზე გააკეთა.

-„თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკვე ორი წელია, რაც ატმისა და ვაშლატამას რეალიზაცია წარმატებით მიმდინარეობს. 12 000 ტონაზე მეტი ექსპორტი განხორციელდა გასულ წელს, ანალოგიური მაჩვენებელი გვაქვს წელსაც. თუ გადახედავთ მონაცემებს, 2005-2006 წლებში მთლიანი მაჩვენებელი იყო 5000 ტონა, წელს კი 40 000 ტონას ველოდებით. მხოლოდ ჩუმლაყში ცხრა სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა. ეს ყველაფერი მოიტანა ჩვენი სამინისტროს, სამხარეო ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის ერთობლივმა მუშაობამ,“.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგშვილის თქმით, ხილის ფესტივალი გურჯაანში სწორედ წარმატებული ხილის რთველის ზეიმია.

-„კარგია, რომ ხილის ფესტივალის ტრადიციას საფუძველი ჩაეყარა. გურჯაანის მუნიციპალიტეტი და სოფელ ჩუმლაყი ერთგვარი ცენტრია ატმის და მეხილეობის. უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებია ბევრი მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების მეშვეობით: გაშენდა ახალი ბაღები, გაიხსნა საწარმოები და სამაცივრე მეურნეობები, რამაც ძალიან დიდი იმპულსი მისცა სოფლის მეურნეობის ამ დარგის განვითარებას. წლევანდელმა ხილის რთველმაც კარგად ჩაიარა, ეს ფესტივალიც ამ წარმატებას ეძღვნება.“

ღონისძებაში მონაწილეობას იღებდა კოოპერატივი „თაფლოვანი“, რომელიც სამი წელია მეფუტკრეობის პრიდუქტებს აწარმოებს.
-„ყველა გამოფენასა და ფესტივალს აქვს დიდი მნიშვნელობა. ეს ცნობადობის ამაღლებას უწყობს ხელს. ვმონაწილეობთ საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებშიც. ჩვენი პროდუქციის გაყიდვები ამ ღონისძიებებმა მნიშვნელონად გაზარდა“-აღნიშნეს კოოპერატივის წევრებმა.

ხილის ფესტივალი კონცერტით დასრულდა, მასში მონაწილეობას იღებდნენ ნინი შერმადინი, ოთო ნემსაძე და ანსამბლი „ხარება“.

| Print |
FaceBook Twitter Google