საზოგადოება
რა პროდუქტები დაემატება საბავშვო ბაღების მენიუს სექტემბრიდან
ახალი სასწავლო წლიდან გურჯაანის საბავშვო ბაგა-ბაღებში კვების რაციონი შეიცვლება. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ბავშვებს ოთხჯერადი კვება ექნებათ.



„ჯერ კიდევ გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა საბავშვო ბაღებში დაამტკიცა ეგრეთწოდებული კვების სატანდარტი, რომლის შესაბამისად მენიუ უნდა შეცვლილიყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით ამ საკითხზე, რომ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვსულიყავით. კვება, რომელსაც დღემდე იღებდნენ ჩვენი ბავშვები, იყო ორჯერადი: საუზმე და სადილი, ახალი სტანდარტიდან გამომდინარე კი იქნება სამი სრულფასოვანი კვება, პლიუს ერთი წახემსება. იქნება საუზმე, წახემსება, სადილი და ბოლოს სამხარი. “

ლელა თევდორაშვილი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე საუბრობს. თუ დღემდე ბავშვებს კვირაში ორჯერ ჰქონდათ ხორციანი საკვები, ამის შემდეგ ხორცი მენიუში ყოველდღე იქნება. ერთი დღე იქნება თევზიც, რაც მანამდე არ ყოფილა. ასევე ერთ-ერთ სავალდებულო კომპონენტად სადილზე ემატება რძის პროდუქტი.
„თუ ერთი ბავშვის კვება 1, 61 ლარი ჯდებოდა, ახალი მენიუთი 3,15 ლარი იქნება განსაზღვრული. სასიხარულოა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ამისთვის საჭირო თანხა გამონახა. ჩვენთვის პრიორიტეტია ბავშვებზე ზრუნვა. ასე რომ, სექტემბრიდან ბაღებში კვებას დაახლოებით 180 ათასი ლარი დაემატება.“


გარდა ამისა, ყველა საბავშვო ბაღის სამზარეულოს ახალი ინვენტარი დაემატება. ამისთვის გაერთიანების ბიუჯეტიდან დაახლოებით 50 ათასი ლარია გამოყოფილი.
„ყველა საბავშვო ბაღში 15 სექტემბრამდე შევა ახალი თანამედროვე სტანდარტის გაზქურა, დიდ კონტინგენტიანში - ორიც. ყველგან დაემატება ასევე მაცივრები, რადგან პროდუქტი მოემატებათ და საჭიროა. განახლდება სამზარეულოს ინვენტარი, დაემატება ასევე ხორცსაკუწი მანქანები, ბლენდერები, ქვაბები და ა.შ. ახალი მენიუდან გამომდინარე, გადამზადდებიან მზარეულებიც. ისინი თითოეული კერძის მომზადების ტექნოლოგიას გაივლიან.“


ლელა თევდორაშვილის თქმით, პროცესიდან გამომდინარე, დაკვირვების შედეგად, შესაძლოა, ყველა ბაგა-ბაღში მზარეულის თანაშემწის შტატის დამატებაც გახდეს საჭირო.

| Print |
FaceBook Twitter Google