საზოგადოება
რომელ კოსმეტიკურ საშუალებებში აღმოჩნდა აკრძალული ნივთიერებები
პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმის 5 ნიმუშში დაფიქსირდა პარაბენების ის სახეობები, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში. გთხოვთ არ მოიხმაროთ იმ პარტიის ნიმუშები, რომლებშიც მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა. აღნიშნულ მიმართვას momxmarebeli.ge ავრცელებს.
momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, 35 დასახელების ნიმუშები თბილისის სხვადასხვა მაღაზიებში შეიძინეს. ისინი საფრთხის შემცველი ნივთიერების - პარაბენების (34 ნიმუში), სხვა კონსერვანტებისა (2 ნიმუში) და ბარიუმის (3 ნიმუში) შემცველობაზე შესამოწმებლად საფრანგეთის ლაბორატორიაში (ევროფინსი) გააგზავნეს.

ხუთ ნიმუშში აღმოჩნდა პარაბენების ის სახეობები, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში.
ეს პროდუქტებია:



N ფოტო პროდუქტის დასახელება მწარმოებელი ფირმა მწარმოებელი ქვეყანა შესყიდვის ადგილი ანალიზის შედეგი
1
ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი „Garnier“
პარტიის N. 28R700
ვარგისიანობის ვადა: 07/21
L'Oreal Co გერმანია
"სუფთა სახლი",
ვაჟა-ფშაველას მე-3
კვარტალი,
N. 73, კორპუსი 1ა
დარღვევა
- აკრძალული პარაბენები
2
ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი "Amalfy"
გამოშვების თარიღი: 08.03.19
პარტიის N. 10:70
Quimi Romar S.L.U ესპანეთი შპს "კოტე",
ვაჟა-ფშაველას 61
დარღვევა
- აკრძალული პარაბენები
3
თმის საღებავი "CLAIROL"
პარტიის N. 0267030300
Distr. By/par Procter&Gamble,
Cincinati
მექსიკა "ნავნე",
ყაზბეგის გამზ. 43ა
დარღვევა
- აკრძალული პარაბენები
4
თხევადი ტუჩსაცხი MAT 104 Seville, Manceline
შტრიხკოდის N. 5902082520757
Bell Cosmetics EU "სუფთა სახლი",
ყაზბეგის 24ა
დარღვევა
- აკრძალული პარაბენები
5
ფრჩხილის ლაქი "Olivia"
გამოშვების თარიღი: 14.05.2019
Orkide Cosmetics თურქეთი
შპს "ძმები",
თევდორე მღვდლის 9
დარღვევა
-აკრძალული პარაბენები
ბარიუმი
ნორმის ფარგლებში



როგორც momxmarebeli.ge განმარტავს, ნიმუშების სახეობებისა და ჩასატარებელი კვლევების შერჩევა მოხდა მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული საფრთხეების მიხედვით. შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმების მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის.

რა არის პარაბენები?

პარაბენები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში ფართოდ გამოიყენება, როგორც კონსერვანტები, პროდუქტის გაფუჭებისაგან დასაცავად და გამოყენების ხანგრძლივი ვადის უზრუნველსაყოფად.
დადგენილია პარაბენების უარყოფითი ზემოქმედების რისკები ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე - მის ზოგად განვითარებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნერვულ და იმუნურ სისტემაზე.
პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში პარაბენების გამოყენება ევროკავშირში ნორმირებულია და შესაბამისი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების ზედამხედველობის ქვეშაა. ზოგიერთი პარაბენის გამოყენება საერთოდ აკრძალულია, ზოგიერთისა კი დაშვებულია გარკვეული დოზით, რიგ პროდუქციაში.

"პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე, როგორც სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესობის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი საქართველოში არ ხდება, რაც საშიშროებას უქმნის ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის ეტაპობრივად დასანერგად. " - აღნიშნულია momxmarebeli.ge-ს განცხადებაში.
აქვე შეგახსენებთ, რომ ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.
| Print |
FaceBook Twitter Google