საზოგადოება
ბაკურციხეში გრიგოლ ფერაძის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდება
სოფელ ბაკურციხეში გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმში, 13 სექტემბერს, წმინდანის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება პირველი საერთაშორისო კონფერენცია: „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“.


კონფერენციას დაესწრებიან: ცნობილი ფრანგი ქართველოლოგი, პროფესორი ბერნარ უტიე, გრიგოლ ფერაძის ბიოგრაფი და თეოლოგიის დოქტორი ჰენრიკ პაპროცკი პოლონეთიდან, აგრეთვე ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი დავით ყოლბაია. ასევე , იქნებიან სტუმრები საფრანგეთიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან.

10:00 საათზე, ჩატარდება ერთობლივი წირვა ბაკურციხეში, მუზეუმის ეზოში არსებულ წმ. გიორგის ეკლესიაში: საქართველოს საპატრიარქოს,მსოფლიო საპატრიარქოს და პოლონეთის მართლმადიდებელი მიტროპოლიტის წარმომადგენლების მონაწილეობით.
12:00 საათზე, კი მუზეუმში, წმინდა გრიგოლ ფერაძის სამეცნიერო მოღვაწეობის თემაზე დაიწყება მოხსენებები, რომელშიც შვიდი ქვეყნის მეცნიერები მიიღებენ მონაწილეობას.

კონფერენცია ტარდება საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრის, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის, გრიგოლ ფერაძის კავშირის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით.

კონფერენცია გაიხსნება და იმუშავებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 11 და 12 სექტემბერს, ხოლო დახურვა შედგება წმინდანის დაბადების დღეს 13 სექტემბერს, ბაკურციხეში, წმინდანის სახლ-მუზეუმში.

| Print |
FaceBook Twitter Google