საზოგადოება
შშმ ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის გურჯაანში ვორქშოპები ტარდება
სიღნაღის შშმ პირთა მშობელთა კავშირი შვეიცარიის არასამთავრობო ორგანიზაცია MTE-სთან ერთად, გურჯაანში შშმ პირებისთვის და მათი მშობლებისთვის ტრენინგებს ატარებს.


ტრენინგები ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს, მერიისა და კულტურის სახლის შენობაში. პროექტის „შეხვდი, ასწავლე, წაახალისე“ მენეჯერის, ფენია ლეზერის განმარტებით, ტრენინგის თემატიკაა ბავშვების მოვლა და მათთან კომუნიკაცია.
„ტარდება ტრენინგები შშმ პირებისა და მათი მშობლებისთვის, ბავშვების მოვლასა და კომუნიკაციაზე. ჩვენ ვართ შვეიცარიული პატარა ასოციაცია, გვაფინანსებენ შვეიცარული დაწესებულებები და მთავრობა. წელიწადში სამჯერ ჩამოვდივართ საქართველოში, ერთი კვირით წნორში და ერთი კვირით გურჯაანში. ორივე მუნიციპალიტეტში ვმუშაობთ მშობელთა ორგანიზაციებთან. ჩვენი ჩამოსვლის მიზანია, დავეხმაროთ იმ ოჯახებს, ვისაც შშმ ბავშვები ჰყავს. ვასწავლით როგორ მოაურონ თავიანთ შვილებს, ვაწყობთ ვორქშოპებს და ა.შ.“


პროექტის ფარგლებში ასევე კახეთში იმყოფება შვეიცარიელი ორთოპედი დარია სპრინგი. როგორც მან განაცხადა, მისი მიზანია შშმ ბავშვებისთვის ეტლების გადაკეთება და განახლება.
„არის მოძველებული ეტლები და ახლებიც, რომლებიც ამ ბავშვებზე არ არის მორგებული. ზოგჯერ ბავშვი ცურდება ეტლიდან ან თავის დასადები არის ცუდად გაკეთებული. ჩვენ სწორედ ამ ხარვეზების გამოსწორებაზე ვმუშაობ. დაგეგმილია სულ შვიდი ეტლის გაკეთება, მაგრამ თითოეულს იმდენი რამ სჭირდება, რომ ზუსტად არვიცი მოვახერხებ თუ არა ყველას დასრულებას. კმაყოფილი ვარ აქაური სიტუაციით, მაქვს ყველაფერი, რაც მჭირდება. მეძლევა იმპროვიზაციის საშუალება, რომ ხელით გავაკეთო ის, რასაც შვეიცარიაში მანქანით ვაკეთებ. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა.“

ტრენინგები პარასკევს დასრულდება. ხოლო შაბათს ორგანიზაციის ბენეფიციარები ღვინის ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც თავიანთი კუთხე ექნებათ წარმოდგენილი.

| Print |
FaceBook Twitter Google