საზოგადოება
როსარია პუგლისი თელავსა და ლაგოდეხში საინფორმაციო შეხვედრას გამართავს
ხვალ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი როსარია პუგლისი თელავსა და ლაგოდეხში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. ღონისძიება საქართველოში ნატოს დღეების ფარგლებში ტარდება.


11 საათზე თელავში ტექნოპარკის საკონფერენციო დარბაზში, ელჩი კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებს, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებს და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის თანამშრომლებს შეხვდება. ხოლო 15:00 საათზე მსგავსი შეხვედრა ლაგოდეხში მუსიკალურ სახლში გაიმართება.

მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, მედიასთან, და ა.შ.

ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.


| Print |
FaceBook Twitter Google