საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახალი ტექნიკით აღიჭურვა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას 65 პიკაპის ტიპის ახალი ავტომობილი და 2 ბაგი შეემეტა.


აღნიშნული მანქანები რეგიონულ სამმართველოებს გადაეცემათ. უწყების ინფორმაციით, ახალი „ფორდ რეინჯერები“ აღჭურვილია რეგისტრატორებითა და „ჯიპიეს“ მოწყობილობებით, არის მაღალი გამავლობის, რაც რთულად მისასვლელ ადგილებში პატრულირების საშუალებას იძლევა. პრაქტიკულად მიუვალ ადგილებში პატრულირებისთვის კი, დეპარტამენტის თანამშრომლები ბაგებს გამოიყენებენ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი მუკნიაშვილის განმარტებით, ადამიანური და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების შემდეგ, დეპარტამენტი ქვეყნის თითოეულ მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი, რაც საშუალებას იძლევა, თითოეულ შეტყობინებაზე დროული და ეფექტიანი რეაგირება მოხდეს.

ახალი ტექნიკის პრეზენტაციამდე, ლევან დავითაშვილი გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების იმ თანამშრომლებს შეხვდს, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამრღვევების მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის დროს, ფიზიკური დაზიანება მიიღეს.
„სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმებისა და ძალადობის ფაქტები ხდება. ყველა ასეთ ფაქტზე შესაბამისი სამსახურები რეაგირებენ. დამნაშავეები პასუხს აგებენ კანონის ფარგლებში. ჩვენს ქვეყანაში, კანონდამცველებზე, ადამიანებზე, რომლებიც თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ, ხელის აღმართვა ვერავინ უნდა შეძლოს“, -განაცხადა მან.

2018 წლიდან დღემდე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სამართალდამრღვევებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 13 თანამშრომელს მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.


| Print |
FaceBook Twitter Google