საზოგადოება
ექიმ ელმირა ბეციაშვილის თქმით სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს
ვეჯინის ამბულატორიის ოჯახის ექიმი ელმირა ბეციაშვილი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, სამსახურიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმა დასახელდა.

ელმირა ბეციაშვილი აცხადებს, რომ ის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს.
„15 ოქტომბერს დაიწერა ჩემი გათავისუფლების ბრძანება და 17 ოქტომბერს ჩამბარდა. მიზეზი, თითქოს ერთ -ერთი პიროვნების საჩივარია, რომ მას არ მოვემსახურე. როდესაც თელავის სოციალურ სააგენტოში ავედი, იქ მითხრეს რომ ერთი კი არა უამრავი საჩივარი იყო ჩემ სახელზე, თუმცა ისინი არავინ მაჩვენა. როცა ამ პიროვნებას ვკითხე, რატომ მიჩივლა, მიპასუხა რომ არავისთვის არ მიუმართავს. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი ის 18 ოქტომბერს ბაღში მზარეულის თანაშემწედ დანიშნეს. ვფიქრობ, ეს არის ჩემი პოლიტიკური დევნა რომელიც წლების მანძილზე მიმდინარეობდა. იყო სხვადასხვა ბრალდებები და კიდევ მოლოტოვის კოქტეილი, ეგონათ რომ ამით შემაშინებდნენ. მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა არჩევნების დროს მითხრა, რომ დამამათავრებდა როგორც ექიმს და ვფიქრობ დღეს ამას უკვე მიაღწიეს. ის არის ამ ყველაფრის თავი და თავი. ხანდამაშვილი ცდილობს 2020 წლის არჩევნებისთვის ველი გაითავისუფლოს. მას ჰგონია, რომ თუკი სამსახური არ მექნება, ჩემი ავტორიტეტი ნულამდე დაეცემა. მე დავამტკიცებ, რომ ეს ასე არ იქნება,“-ამბობს ელმირა ბეციაშვილი speqtri.ge-სთან.

ელმირა ბეციაშვილის ბრალდებებს პასუხობს მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი.
„პირველად მესმის რომ გაათავისუფლეს. ეს ქალბატონი ყველაფერს მე მაბრალებს. ეს ჩემ კომპეტენციაში არ შედის, სულ სხვა სისტემაა და რა კომენტარი გავაკეთო არვიცი. “

ელმირა ბციაშვილის თქმით, მისი გათავისუფლების საკითხს სასამართლოში გაასაჩივრებს.




| Print |
FaceBook Twitter Google