საზოგადოება
გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი მიმდინარეობს

ამ წუთებში, გურჯაანის ახტალის პარკში, ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალი მიმდინარეობს, რომელიც წელს პირველად ტარდება. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანმა გახსნა.




როგორც მან აღნიშნა, მსგავსი ფესტივალი ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას.
„ფერმერებისთვის ეს არის შემოსავლების მიღება მათ მიერ წარმოებული პროდუქტებისგან. ზოგადად, სამინისტრო მხარს უჭერს ხარისხიანი ქართული პროდუქციის ბაზარზე დამკვიდრებას და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას სოფლად. გურჯაანში ფესტივალის ჩატარების მიზანია კომუნიკაცია ფერმერებთან და ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.დღევანდელი ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონოდათ ტურისტებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაღალხარისხიანი პროდუქტი შეეთავაზებინათ.“

მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის განმარტებით, გურჯაანი ფესტივალების ქალაქად ყალიბდება.
„ღვინის ფესტივალი ჩავატარეთ წარმატებულად და დღეს მიმდინარეობს კულინარიის ფესტივალი. მიხარია, რომ გურჯაანი ყალიბდება როგორც ფესტივალების ქალაქი, შესაბამისად, ღვინო და კულინარია ერთმანეთისგან განუყოფელია. დღევანდელი ხალხმრავლობა იმას ადასტურებს, რომ მსგავსი ღონისძიებები ძალიან საინტერესოა.“

ფესტივალის სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ და შეიძინონ 50-ზე მეტი სახეობის ქართული ყველი და ყველისგან წარმოებული პროდუქტები. ასევე ქართული ღვინო და ადგილობრივი წარმოების სხვადასხვა პროდუქტები.

 

| Print |
FaceBook Twitter Google