საზოგადოება
თანამშრომელი გურჯაანის მერს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში დაწყებული რეორგანიზაციის საფუძველზე გამაფრთხილებელი წერილი, მერიის ბიუჯეტის დაგეგმვისა დაფორმირების საკითხებში სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, მალხაზ ზარდიაშვილმაც მიიღო.


როგორც მან speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ეს არის მერის მხრიდან მის მიმართ პირადი დისკრიმინაცია.
„15 დეკემბერს დამიძახა მერმა და რაღაც გაურკვეველი საბაბით, მომთხოვა გათავისუფლების შესახებ განცხადება დამეწერა. ვუთხარი, რომ ვერ დავწერდი ერთი უბრალო მიზეზის გამო - ამ საკითხს კანონი არეგულირებს და ხელმძღვანელს არ აქვს დაძალების უფლება. თუმცა ამის მერე ინტენსიურად მთხოვდა შენი განცხადება მჭირდებაო. 14 აგვისტოს დაიწყო რეორგანიზაცია და მეორე ეტაპის დასრულების პროცესში მომივიდა გაფრთხილება, რომ 15 ნოემბრიდან მათავისუფლებენ სამსახურიდან. კონკურსის წესით ვარ დანიშნული და 15 წლის სამუშაო სტაჟი მაქვს. როგორც წერილში წერია, ეიჩარის სამსახურმა შეისწავლა ჩემი განათლების დონე, მოახდინა ანალიზი ჩემი კვალიფიკაციის და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვერ ვაკმაყოფილებ კრიტერიუმებს, რაც აბსურდია. ასევე წერია, რომ 15 წლის სტაჟის თანამშრომელს, რომელსაც მესამე რანგის პირველი კატეგორია მაქვს, მთავაზობენ მეოთხე რანგის მეორე კატეგორიაში გადავინაცვლო. უნდა წავიდე სადმე სოფელში სამას ლარიან ხელფასზე, იმ ფონზე, რომ სახლში მყავს შვილი, შშმ პირი, რომელსაც სამასი ლარი წამლებში არ ჰყოფნის. ამას არ დავთანხმდები. მე ვაცხადებ, რომ ეს არის დისკრიმინაცია კონკრეტულად ერთი პირის მიმართ.“

მალხაზ ზარდიაშვილის მეუღლის, მირანდა ფაიქიძის განმარტებით, დავა და ჭიდილი მუნიციპალიტეტის მერისგან მისი მეუღლის მიმართ უკვე წელიწადია მიმდინარეობს, თუმცა, რა არის ამის კონკრეტული მიზეზი, ჯერჯერობით არ საუბრობს.
„ბატონ მერს უნდოდა მალხაზს განცხადება დაეწერა, მაგრამ ჩვენ ჩვენი უფლება გამოვიყენეთ. შემდეგ, როგორც თვითონ ამბობს, გადახალისება უნდოდა სამსახურების და მოიფიქრა რეორგანიზაცია. ვრწმუნდებით, რომ ეს რეორგანიზაცია მალხაზის გასათავისუფლებლად დაიგეგმა. ეს არის ადამიანის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ჩემს მეუღლეს ორი სახელმწიფო დიპლომი აქვს, თითოეული მაგისტრის ხარისხს უტოლდება. როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს დაუწუნო კვალიფიკაცია და სამსახურიდან გაშვების საბაბი მოუდო. ის არის ერთადერთი მარჩენალი იმ ოჯახის, სადაც ცხოვრობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი. მას მუდმივად ესაჭიროება მედიკამენტები და განსაკუთრებული კვება. რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ და ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ კიდეც.“

ბრალდებას უარყოფს მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და აღნიშნავს, რომ რეორგანიზაცია მერიის ოპერატიულად მუშაობას ემსახურება და არა ერთი ადამიანის დისკრიმინაციას.
„ინდივიდუალურად ვერ გავაკეთებ ერთ თანამშრომელზე კომენტარს, რადგან მერიის რეორგანიზაცია თავისთავში მოიცავს ოპტიმიზაციას და სამსახურებისა და განყოფილებების ოპერატიულად მუშაობას. თანამშრომლების შესაძლო გათავისუფლების ვარიანტი შეთანხმებულია მერის მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურების უფროსებთან. მე რომ ერთი ადამიანის გათავისუფლება მინდოდეს, იცით, ამის ძალა, როგორც მერს, შემწევს და ერთი თვის განმავლობაში მინიმუმ სამჯერ მაინც შეიძლება მოუძებნო მიზეზი, დაგვიანების, გაცდენის და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას არ გავაკეთებ არავითარ შეთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რეორგანიზაციის მიზანია მერიამ იმუშაოს ოპერატიულად და მორგებული იყოს მოსახლეობის ინტერესებზე.“

შეგახსენებთ, რომ მერიაში რეორგანიზაციის გამო გამაფრთხილებელი წერილი 13 თანამშრომელს ჩაბარდა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მერია /