საზოგადოება
ციხე - სოფელი მუცო პარიზში დააჯილდოეს
პარიზში ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე ციხე-სოფელ მუცოს „საზოგადოების რჩეულის", მისი რეაბილიტაციის პროექტს კი „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მიენიჭა.


მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი ჯილდოს გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია პარიზის შატლეს თეატრში გაიმართა.21 მაისს ევროკომისიამ და ევროპა ნოსტრამ შემოქმედებითი ევროპის პროგრამით დაფინანსებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების - ევროპული მემკვიდრეობის პრიზის / ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულები გამოავლინა.
გამარჯვებულთა შორის იყო ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტი.

როგორც ჟიურიმ აღნიშნა, „ეს პროექტი ეხმიანება მთის თემების დეპოპულაციის პრობლემას – გამოწვევას, რომლის წინაშეც მთელი ევროპა დგას. საქართველოს რესტავრაციის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური ძეგლის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდი „ქართუ“ -ს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

ციხესოფელში სრულად აღდგა 20 -მდე არქიტექტურული ნაგებობა. განხორციელებული რეაბილიტაციის შედეგად მკვეთრად გაუმჯობესდა საცხოვრისების სტრუქტურული სტაბილურობა, რამაც საცხოვრისების ათვისების ხელსაყრელი შესაძლებლობები შექმნა. შენობები ადაპტირებულია თანამედროვე მოთხოვნებთან, რაც ძირითადი ინფრასტრუქტურული პრობლემების - ელექტროენერგიის მიწოდებისა და კომუნიკაციების მოწესრიგებას გულისხმობს. კომპლექსის რეაბილიტაციის შემდგომ მუცოში გაჩნდა უკუმიგრაციისა და ეკონომიკური განვითარების მყარი საფუძვლები.

სოფელში მუდმივმაცხოვრებლად უკვე დასახლდა 3 ოჯახი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მუცოში ამოქმედდა მუზეუმ-ნაკრძალი, რომელიც ტერიტორიის ყოველდღიურ მართვას განახორციელებს. სოფელი მუცო მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.



| Print |
FaceBook Twitter Google