საზოგადოება
საბავშვო ბაღების პერსონალისთვის კვების უსაფრთხოებაზე ტრენინგი ჩატარდა
გურჯაანის სამუსიკო სკოლის დარბაზში მუნიციპალიტეტის 37 საბავშვო ბაგა-ბაღის მენეჯერების, ექთნების, მზარეულებისა და მზარეულის თანაშემწეებისთვის ტრენინგი ჩატარდა.

სწავლებას გურჯაანის სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დაკვეთით კომპანია "გლობალური კარიერა და კავშირების" ტრენერი ელენე გიორგაძე უძღვებოდა. მერის მოადგილის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, მსგავსი ტრენინგი ყოველ წელს ტარდება.

„ საბავშვო ბაღში აუცილებლად უნდა მუშაობდეს სერტიფიცირებული მზარეული. მას უნდა ჰქონდეს გავლილი ტრენინგი კვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით და კანონმდებლობიდან გამომდინარე, გურჯაანის სკოლამდელი გაერთიანების დაფინანსებით, გადამზადდა 37-ვე ბაღის მზარეული და ახლადდანიშნული თანაშემწეები. საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ კვების უსაფრთხოებაზე ტრენინგი უნდა ჰქონდეს გავლილი და სერტიფიცირებული იყოს მენეჯერიც და ექთანიც, ამიტომ სემინარი მათაც მოისმინეს. გარდა ამისა, არამარტო კვების, არამედ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც ყველა ორგანიზაციაში უნდა დაინიშნოს პერსონალი. ამ ეტაპისთვის ჩვენ არ გვყავს ცალკე პიროვნება, მაგრამ გავაკეთეთ ის, რომ ამასთან დაკავშირებით მოვახდინეთ თითოეული მენეჯერის გადამზადება. ამ ეტაპზე თავიანთ ბაგა -ბაღზე ისინი იქნებიან პასუხისმგებლები.“

მისივე თქმით, ტრენინგის ფარგლებში საბავშვო ბაგა-ბაღების წარმომადგენლები გაეცნენ ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს როგორიცაა: კარგი საწარმოო პრაქტიკა, ჰიგიენის პრაქტიკა, შრომის უსაფრთხოება, ხუთი გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათისათვის, სურსათის ეტიკეტირება, კვების ორგანიზება და რაციონის კვებითი ღირებულება. ტრენინგის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცათ სერთიფიკატი.

| Print |
FaceBook Twitter Google