საზოგადოება
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ საარჩევნო კამპანია დაიწყო. დღეს „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ და პარტიის სხვა წევრებმა ვეჯინის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, ისინი მომავალშიც განაგრძობენ კარდაკარ სიარულს და შეხვედრებს.
„ჩვენ თუ ეხლა დაველოდებით თარიღს, რომელსც ე.წ „ქართული ოცნება“ დაგვინიშნავს საარჩევნოდ და შემდეგ ორი ან სამი თვით ადრე დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას, ამ მონსტრს ვერ მოვერევით. ეხლაა საჭირო კარიდან კარზე სიარული, იმისათვის, რომ მოქალაქეებს დაველაპარაკოთ. ვუთხრათ, რომ თვალსა და ხელს შუა ვკარგავთ სახელმწიფოს და ერს. სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისთან ერთად, ჩვენ ეხლა გვაქვს უსაშინლესი დემოგრაფიული კრიზისი. ამიტომ თუ ნორმალურმა კოალიციურმა, პროდასავლურმა ხელისუფლებამ არ მიხედა ქვეყანას, ქართველი შეიძლება გაქრეს. ჩვენი პარტიის წევრი, ექიმი ელმირა ბეციაშვილი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს სამსახურიდან - ცხრამეტიწლის სტაჟის მქონე ექიმი, რომელიც მთელ სოფელს უყვარს. მისმა სამწლიანმა ბრძოლამ გამოიღო შედეგი და სოფლის ამბულატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სწორედ ეს ადამიანი გაუშვეს სამსახურიდან, იმიტომ, რომ განსხვავებული პოლიტიკური სიმპატიები აქვს. ამაზე სამარცხვინო არაფერია. “

მისივე თქმით, მომავალში შეხვედრები ყველა სოფელსა და მუნიციპალიტეტში გაიმართება.


| Print |
FaceBook Twitter Google