საზოგადოება
შშმ პირები სოციალური დახმარების გარეშე
57 წლის გიორგი კანაშვილი ქალაქ გურჯაანში ცხოვრობს. ის პირველი ჯგუფის შშმ პირია, დედამისს გასულ წელის ინსულტმა დაარტყა და საწოლს მიეჯაჭვა.
სოციალურ დახმარებას 2006 წლიდან იღებდნენ, მიმდინარე წლის ივლისში სოციალურმა აგენტმა შეამოწმა და შემწეობა აღარ დაენიშნათ.
როგორც თავად ამბობს ოჯახში არაფერი შეუძენიათ, არც მათი ჯანმრთელობის პირობები გაუმჯობესებულა და არც ცხოვრების, ამიტომ მისთვის გაუგებარია, რატომ დარჩნენ სოციალური დახმარების გარეშე.

-„დამოუკიდებლად გადაადგილება არც მე შემიძლია და არც დედაჩემს. მას გარდა წამლებისა, პამპერსიც სჭირდება, ძვირი ღირს და ძლივს ვყიდულობთ. ჩემი და ჩამოვიდა თბილისიდან და ის გვპატრონობს, მარტო როგორ ვიქნებით?! აგენტი ივნისში მოვიდა და შეგვამოწმა, მაგრამ აღარ დაგვენიშნა დახმარება. რა ვქანთ არ ვიცით, დედაჩემის პენსია წამლებსა და პამპერსს არ ჰყოფნის, საჭმელი მაღაზიიდან ვალზე გამომაქვს, აბა მარტო ჩემი პენსია სამ ადამიანს როგორ შეგვინახავს, ჩემი და აქეთ გვილის და სად იმუშავებს. ახლაც მაღაზიაში 300 ლარი ვალი მაქვს და ვეღარ შევდივარ. სახლში არანაირი პირობები არ გაგვაჩნია, არც სოფლის მეურნეობა. ზოგს ისეთს დაუნიშნეს შემწეობა მანქანაც აქვს და ხელფასიც. პანდუსი მინდა, რომ დამოუკიდებლად შევძლო გადაადგილება, მაგრამ იმდენი დაჯდება, მაგას მე როგორ გავაკეთებ, შეძლებული რომ ვიყო, მე ხომ მოვიწყობდი.“-ამბობს გიორგი კანაშვილი.

მან ხელახალი განცხადებით სოციალურ სააგენტოს მიმართა, ახლა კიდევ შეამოწმებენ, თუმცა უცნობია, ისევ დაენიშნება თუ არა შემწეობა. მერიაში ამბობენ, რომ მას შეუძლია განცხადებით მიმართოს ადგილობრივ თვითმმართველობას და სოციალური პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა შეღავათით ისარგებლოს. რაც შეეხება პანდუსის მოწყობას, ამაზეც ოფიციალური მიმართვაა საჭირო, რომელსაც მერია განიხილავს.

გიორგი კანაშვილის მსგავსად 2006 წლიდან იღებდა დახმარებას სოფელ ველისციხეში მცხოვრები 69 წლის ელენე ხელაშვილი, რომელიც მარტო ცხოვრბს. შემწეობა 2016 წელს, გეგმიური გადამოწმების შემდეგ შეუწყვიტეს. განაცხადი 2017-2018 წელს ისევ შეიტანა, შეამოწმეს, თუმცა უშედეგოდ.




-„სოციალურ სააგენტოში ასე მითხრეს მაღლა სართულზე იატაკი გიგიაო, სახლის ფართობიც დიდიაო, კედლები ვჭამო? რაში მარგია სახლი, რომელიც 1970 წელს ავაშენე, არანაირი პირობები იქ არ არის. ჩემისთანა უბედურს რომ დახმარებას უწყვეტავენ, მაშ ვიღას უნდა დაუნიშნონ. 200 ლარი პენსია რაში მეყოფა, გული მაწუხებს და წამლებში ბევრი ფული მეხარჯება. მარტო შვიდი ქათამი მყავს და ეგ არის ჩემი სიმდიდრე, ეზოში პატარა ბოსტანი მაქვს, იმასაც ვერ ვამუშავებ, ცალი ხელით როგორ უნდა ვიმუშაო?“.

იმისათვის, რომ მოქალაქეს სოციალური დახმარება დაენიშნოს, სოციალური აგენტის მიერ შეგროვებული მონაცემები, სპეციალურმა პროგრამამ უნდა დაითვალოს. სოციალურ სააგენტოში გვეუბნებიან, რომ არ არსებობს ერთი კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ოჯახებს სოციალური შემწეობა უწყდებათ.



-„ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება პროგრამული გადამოწმება, ელენე ხმალაძე 2016 წლის დეკემბერში გადამოწმდა და მას 85 460 ქულა მიენიჭა, რაც სოციალური შემწეობის დანიშვნას არ ითვალისწინებს. ბოლო ქულის მინიჭებიდან ერთ წელზე მეტია გასული, მას შეუძლია ახალი განაცხადი შემოიტანოს. 2015 წელს განხორციელდა პროგრამული ცვლილება, რის მიხედვითაც დეკლარაციაში იწერება სახლის ფართობი, აგრეთვე პესნსია გაიზარდა 200 ლარამდე და ყველაფერს ექცევა ყურადღება. ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, რის გამოც უწყდებათ დახმარება, ყველაფერი აისახება ქულაზე. რაც შეეხება გიორგი კანაშვილს, ოჯახში დაემატა შრომისუნარიანი და, რომელიც მათთან ცხოვრობს, გადამოწმდა და 71 000 ქულა მიენიჭა. მან კიდევ მოგვმართა განმეორებით და უახლოეს დღეებში ისევ გადამოწმდება,“-ამბობს გურჯაანის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი სოციალური აგენტი არჩილ ზავრაშვილი.

კანონმდებლობით, სოციალური დახმარება სამ კატეგორიას ენიშნება: 1.უსახლკარო პირი. 2. ღატაკი ოჯახი 3.სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის მარიკა გიორგაძის განმარტებით, სოციალური დახმარების შესახებ კანონის თანახმად, შშმ პირისთვის შემწეობის დანიშვნა უნდა მოხდეს იმის მიხედვით რომ სტატუსი აქვს და არა მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებით.

-“სოციალური დახმარების შესახებ კანონი გვეუბნება, რომ დახმარების დანიშვნის საფუძველია შშმ პირის სტატუსის დადგენა. ღატაკი ოჯახის შემთხვევაში უნდა მივიდეს აგენტი და შეამოწმოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, შშმ პირს არ ჭირდება ამ კუთხით გადამოწმება, მისი სტატუსი საკმარისია შემწეობის დასანიშნად. შემოწმება ხდება, თუმცა არა ეკონომიკური კუთხით, მას იმიტომ კი არ უნდა დაენიშნოს შემწეობა, რომ უჭირს, არამედ იმიტომ რომ შშმ პირის სტატუსი აქვს,“-ამბობს მარიკა დუმბაძე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სოციალურ დახმარების მიღმა დარჩენილი მოქალაქეები ხშირად მიმართავენ. როგ შემთხვევევებში სასამართლო ადგენს, რომ მოქალაქეებს შემწეობა უკანონოდ უწყდებათ.

-„მიგვიმართავს შესაბამისი ორგანოებისთვის, სარჩელიც დაგვიწერია, მოგვითხოვია დანიშვნა ან აღდგენა. იყო საქმეები, როდესაც სასამართლომ დახმარების უკანონო შეწყვეტა დაადგინა. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, სოციალური აგენტები დეკლარაციის შევსებისას სხვადასხვა საკითხებს არ მიუდგნენ ფორმალურად, ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის საფუძველზე მოახდინონ დეკლარაციის შევსება, რათა აღარ მოხდეს დახმარების უკანონო შეწყვეტა.“- ამბობს საია-ს იურისტი.

ცნობისთვის, სტატისტიკის მიხედვით, სოციალური შემწეობის მიმღები ბენეფიციარების რაოდენობა წლების მიხედვით ხან იკლებს და ხანაც მზარდია. მაგალითად, 2011 წელს თუ ეს რიცხვი 394 800-ს შეადგენდა, 2012 წელს 501 400-მდე გაიზარდა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში კი დაიკლო. 2016 წელს ბენეფიციარების რაოდენობა ისევ გაიზარდა, ხოლო 2017 და 2018 წლებში კვლავ კლების ტენდენცია შენარჩუნდა.
| Print |
FaceBook Twitter Google