საზოგადოება
გაუქმებული შტატები გურჯაანის მერიაში - ვის შეეხება რეორგანიზაცია
დღეს საკრებულოს მორიგ სხდომაზე მერიაში მიმდინარე რეორგნიზაციის პროცესს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ლევან ხაზიურის ინფორმაციით, ძირითადი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამსახურს შეეხო.

„განვიხილეთ მერიაშიმიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად საშტატო ნუსხაში შეტანილი ცვლილებები. ძირითადი ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამსახურში. ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებაა ზედამხედველობის განყოფილებაში, რომელიც შემდეგში უკვე ჩამოყალიბდება ცალკე სამსახურად და მას დაემატა გარკვეული ფუნქციები. აქედან გამომდინარე საკრებულომ იმსჯელა და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ აღნიშნულ სტრუქტურულ ცვლილებებისთვის დაეჭირა მხარი. დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ამით პირველ რიგში მართვის ეფექტურობა გაუმჯობესდება. ამის შემდეგ პროექტი საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდება, შევა ძალაში და მერიაც უკვე დაასრულებს რეორგანიზაციის პროცესს. “

რეორგანიზაციის შედეგად მერიაში ასეთი სტრუქტურა იქნება:
ადმინისტრაციული სამსახურის ორი განყოფილება: მოქალაქეთა მომსახურების და საქმისწარმოების გაერთიანდება. შედეგად ადმინისტრაციულ სამსახურს ხუთის ნაცვლად ოთხი განყოფილება ექნება. ცვლილება გამოიწვევს ერთი განყოფილების უფროსის შტატის შემცირებას.შესაძლოა, ამ შტატის ნაცვლად დაემატოს იმავე განყოფილების მესამე რანგის პირველი  კატეგორიის უფროსი სპეციალისტის შტატი საქმისწარმოების საკითხებში, ხოლო საქმისწარმოების განყოილებაში არსებული მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის შტატი საქმისწარმოების საკითხებში, რომელიც ვაკანტურია გაუქმდეს.  

მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილებაში, ადმინისტრაციულ ერთეულთან ურთიერთობის საკითხებში გაუქმდება ერთი შტატი. სოფელ გურჯაანში გაუქმდება მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ერთი შტატი. სანაცვლოდ ველისციხესა და კარდენახში დაემატება მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის თითო შტატი.

იურიდიული სამსახურს ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირების განყოფილება გამოეყოფა ცალკე სამსახურად და ექნება ორი განყოფილება. იურიდიული სამსახური ჩამოყალიბდება განყოფილების გარეშე და გაუქმდება განყოფილების უფროსის შტატი.
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და ძეგლთა დაცვის სამსახურს შეეცვლება სახელწოდება. ძეგლთა დაცვა გადატანილი იქნება კულტურის სამსახურში და შესაბამისად უფროსი სპეციალისტი გადავა ამ შტატზე.

შიდა აუდიტის სამსახურში შესაძლებელია ინსპექტირების საკითხებში ერთი უფროსი სპეციალისტის შტატის გაუქმება. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში შემცირდება ორი საშტატო ერთეული.

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში კულტურისა და განათლების დარგში მოსალოდნელია ერთი შტატის შემცირება და დანიშნული მოხელის გათავისუფლება. სანაცვლოდ სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხებში დაემატება ერთი შტატი.



| Print |
FaceBook Twitter Google