საზოგადოება
გურჯაანის მერიაში ხუთი ადამიანი გაათავისუფლეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა, როს შედეგადაც სამსახურიდან ხუთი თანამშრომელი გათავისუფლდა.

პოზიციები დატოვეს: შიდა აუდიტის ინსპექტირების განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეორიის უფროსმა სპეციალისტმა; სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა.

შიდა აუდიტის ინსპექტირების განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის ყოფილი უფროსი სპეციალისტი მარი ჯანაშვილი ამბობს, რომ მისი გათავისუფლება პირად ინტერესს უკავშირდება.
„ რეორგანიზაცია აბსურდულად რომ ჩატარდა ყველამ ვიცით, იმიტომ რომ ხუთი და ექვსი კაცის გაშვება ორგანიზაციისთვის არაფერს ცვლის. გათავისუფლებას საფუძვლად დაუდეს , რომ არაკვალიფიციური კადრი ვარ. ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები, რადგან შიგნით მართლა ამდენი არაკვალიფიციური კადრი დარჩა. სასაცილოა ის მოხსენებითი ბარათი, რაც საფუძვლად დაედო ჩემს გათავისუფლებას. მე აბსოლუტურად ვაკმაყოფილებდი იმ მოთხოვნებს, რაც კონკურსით გავიარე. რაც შეეხება მიზეზს, რომ შიდა აუდიტის სასმსახური კარგად არ მუშაობდა, ესეც აბსურდია, რადგან საბავშვო ბაღების მაგალითი სახეზე გვაქვს. ვფიქრობ, ჩემი გათავისუფლება პირადი ინტერესებიდან გამომდინარე უფრო მოხდა ვიდრე ორგანიზაციის მიზნებიდან. შემოთავაზება მქონდა სოფელში სპეციალისტის პოზიციაზე, რომელიც არც უარვყავი და არც დავუდასტურე. მივწერე რომ ეს არიყო იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაფერისი პოზიცია, რომელიც ჩემს თანამდებობას შეეფერებოდა ,იმიტომ რომ იყო სხვა რანგი და სხვა კატეგორია. 13-ში მერიას მივმართე ოფიციალური წერილით და გამოვითხოვე ჩემს თანაბარ პოზიციაზე დასაქმებული პირის კვალიფიკაცია და გამოცდილება. შესაბამისად ველოდები პასუხს. თუმცა ხმამაღლა ვაცხადებ, თუ ადამიანი წელიწადნახევარი ცუდად მუშაობს, რეორგანიზაციას კი არ უნდა დაელოდო, იქამდე შეგიძლიან გაუშვა ან იძულებული გახადო წავიდეს.“

მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით, რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ ადამიანებს სხვა პოზიციები შესთავაზეს, თუმცა მათ უარი განაცხადეს.
„დასრულდა რეორგანიზაცია, რის გამოც შემცირება მოხდა. ჩვენ მათ მობილობის წესის თანახმად შევთავაზეთ სხვა სამსახური, რაზეც უარი განაცხადეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რ ჩვენთვის მთავარია მერიამ ოპერატიულად იმუშაოს და მორგებული იყოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესებს. ამის შემდეგ გამოცხადდება შიდა კონკურსი რამდენიმე პოზიციაზე. ამაზე უკვე დავიწყეთ მუშაობა და ვცდილობთ რაც შეიძლება მალე დაიწყოს.“

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტს მერიაში რეორგანიზაცია აგვისტოში დაიწყო და რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა.
| Print |
FaceBook Twitter Google