საზოგადოება
ბაკურციხეში პოლონელ და ქართველ მეცნიერთა კონფერენცია მიმდინარეობს
ამ წუთებში, ბაკურციხის წმ. გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმში პოლონეთ-საქართველოს ისტორიკოსთა კომისიის, ასევე პოლონელი და ქართველი მეცნიერების ერთობლივი კონფერენცია ტარდება.


ღონისძიების ფარგლებში მუზეუმში მოეწყო გამოფენა, რომელიც ეძღვნება წმ. გრიგოლ ფერაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, აგრეთვე პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის მიერ გამოცემული 2 წიგნის წარდგენა, რომელიც ეხება ქართული ემიგრაციის ისტორიას პოლონეთში.

პოლონეთის ელჩის, მარიუშ მაშკევიჩის თქმით, დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშნელოვანია.
„ექვს დეკემბერს 75 წელი შესრულდება წმინდა გრიგოლ ფერაძის მკვლელობიდან, რომელიც ათი წელი მოღვაწეობდა პოლონეთში. მან დიდი ღვაწლი შეიტანა პოლონური ფილოსოფიის, თეოლოგიის განვითარებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ამ განსაკუთრებულ ადგილას შევიკრიბეთ, სახლში, სადაც გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმია. ის აქ დაიბადა და დაიწყო თავისი გზა. მიხარია, რომ დღეს ახალგაზრდებიც მოვიდნენ, ისინი გაიცნობენ ამ ადამიანის ისტორიას, მის წარულს და გაიგებენ, თუ რა დიდი გმირი ჰყავდა საქართველოს, რომელიც წლების განმავლობაში საზღვარგარეთ მოღვაწეობდა. “

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის თქმით, კონფერენცია ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
„ტარდება წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის მეცნიერთა ერთიანი ეროვნული კონფერენცია, რომელიც მნიშვნელოვანია არამარტო ბაკურციხელებისთვის, არამედ მთლიანად რაიონისთვის. გრიგოლ ფერაძე დაიბადა ბაკურციხეში და მოღვაწეობდა პოლონეთში. ჩვენთვის ყველასთვის სამაგალითოა მისი ცხოვრება და განვლილი გზა.“

კონფერენციის ორგანიზატორები არიან ვარშავის უნივერისტეტი, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი, პოლონეთის საელჩო საქართველოში და პოლონეთის კულტურის ინსტიტუტი. კონფერენციაში მონაწილეობენ მეცნიერები როგორც საქართველოდან ასევე პოლონეთიდან. ღონისძიებას ესწრებიან ვარშავის, კრაკოვის იაგელონის უნივერსიტეტის პროფესორები, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევარები, წმ. გრიგოლ ფერაძის ბიოგრამი დეკანოზი ჰენრიკ პაპროცკი, პოლონეთის ელჩი საქართველოში, პოლონეთის კულტურის ინსტიტუტის დირექტორი და სხვა მოწვეული სტუმრები.

| Print |
FaceBook Twitter Google