საზოგადოება
ლელა თევდორაშვილმა მერის მოადგილის თანამდებობა დატოვა
გურჯაანის მერიაში საკადრო ცვლილებებია. დღეს საკუთარი სურვილით თანამდებობა მერის მოადგილე, ლელა თევდორაშვილმა დატოვა.

„მივიღე გადაწყვეტილება და დღეიდან ვტოვებ გურჯაანის მერის მოადგილის თანამდებობას, რომელსაც თითქმის ერთი წლის განმავლობაში ვიკავებდი. მუშაობას გავაგრძელებ ჩემს ძველ სამსახურში, გურჯაანის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების დირექტორად,“ - განაცხადა speqtri.ge-სთან ლელა თევდორაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლელა თევდორაშვილის თანამდებობაზე მერის პირველი მოადგილე, სიმონ ქოჩორაშვილი მოიაზრება, ხოლო პირველ მოადგილედ - სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი, თეიმურაზ ზავრაშვილი.
თუმცა, ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს მერი, არჩილ ხანდამაშვილი და ამბობს, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე კანდიდატი ჯერ არ შეურჩევია.
„ლელას დიდი ხანია ჰქონდა სურვილი დაბრუნებოდა ბაღების გაერთიანებას. რაც შეეხება განცხადებას სამსახურიდან წასვლის შესახებ, ჯერ არ მინახავს, რადგან თბილისში ვიმყოფები. მერის პირველ მოადგილედ თეიმურაზის გადმოსვლას ვერ დავადასტურებ, რადგან კანდიდატებზე მსჯელობა ისევ მიდის. დეტალები ჯერ კიდევ გასავლელია.“

მისივე თქმით, გადაწყვეტილება სავარაუდოდ ერთ კვირაში გახდება ცნობილი.



| Print |
FaceBook Twitter Google