საზოგადოება
WASH სტანდარტების დანერგვა მრავალეთნიკურ მოსახლეობაში
„კვირაში ერთხელ, ხან ორჯერ, იშვიათად სამჯერ, მოდიოდა მანქანა, მოქონდა წყალი, ჩვენ ვიდექით რიგში ჩვენი ჭურჭლებით. ან შეგვხვდებოდა წყალი, ან არა. 28 წლის განმავლობაში მოდიოდა ცისტერნები და ვყიდულობდით წყალს, რაც ძალიან ძვირი გვიჯდებოდა. ამას გარდა, შორი მანძილიდან გვიწევდა წყლის ხელით ზიდვა ტანსაცმლისა თუ ჭურჭლის დასარეცხად, რამაც, ფაქტორივად, ჩვენი ჯანმრთელობა შეიწირა“ - რიტა ბერიძე ერთ-ერთია იმ 32 ეკომიგრანტი ოჯახიდან, რომელსაც მარნეულში, ელევატორის დასახლებაში, მსგავს პირობებში უწევდა ცხოვრება.

ეკომიგრანტები ყოფილი პროფესიული სასწავლებლის შენობაში 1991 წლიდან, საჩხერეში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ გადმოასახლეს. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და გაუსაძლის პირობებთან გამკლავება დღემდე უწევთ. სასმელი წყლითა და ბუნებრივი აირით არც ისე დიდი ხანია სარგებლობენ. როგორც რიტა ბერიძე გვიყვება, წყლის პრობლემა დასახლებაში ანტისანიტარიის პრობლემას წლების განმავლობაში ქმნიდა, რაც მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც პროექტი “წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად” დაიწყო. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, გახდა შესაძლებელი შენობამდე წყლის შემოყვანა - „ახლა შემოგვიყვანეს ოთახებში წყალი, გრაფიკით გვაქვს, მაგრამ შედერება არ არის. მას მერე სველი წერტილებიც გავაკეთეთ, მანამდე არც აბაზანისა და არც საპირფარეშოს მოწყობას აზრი არ ქონდა. ბანაობაც კი ოთახებში გვიწევდა, საპირფარეშო მოშორებით გვქონდა და უწყლოობის გამო ძალიან მძიმე პირობებში გვიწევდა ცხოვრება“.

ფოტოზე: რიტა ბერიძე

ფოტოზე: რიტა ბერიძე

პროექტს „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ CENN-ი 2017 წლიდან (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მთავარ მიზანს საქართველოს სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების ჯამრთელობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს. პროექტი ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში ხორციელდება.

პროექტის მენეჯერი ანა ინასარიძე პროქტის მნიშვნელობაზე საუბრისას, მიმოიხილავს საქართველოს რეგიონებში არსებულ მდგომარეობას და ამბობს, რომ ქვეყნის რეგიონებში როგორც სუფთა სასმელი წყლის, ასევე, უშუალოდ წყლის ტექნიკურად მოწოდება არ არის სათანადოდ დარეგულირებული. „ეს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალურია ეთნუკურად დასახლებულ თემებში, სადაც სანიტარიისა და ჰიგიენის მართვა, ხშირ შემთხვევაში, არ ხორციელდება. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრები არასაკმარისია. პროექტმა აჩვენა, რომ საზოგადოებას არ აქვს სათანადოდ გაცნობიერებული WASH საკითხების მნიშვნელობა და მათი პირდაპირი კავშირი ჯამრთელობასა და განათლებაზე. განაკუთრებით სოციალურად დაუცველ ჯგუფებს არ აქვთ საკმარისი უნარი, დაიცვან თავიანთი უფლება ჯანმრთელობასა და სათანადო საცხოვრებელ პირობებზე” - აღნიშნავს ანა ინასარიძე.

ფოტოზე: ანა ინასარიძე

ფოტოზე: ანა ინასარიძე

სწორედ, მოსახლეობაში ცნობიერების პრობლემაზე საუბრობს მარიკო წიქორიძეც, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში პროექტის კოორდინატორია - „ცნობიერება იყო ის ბარიერი, რომელსაც თავად მოსახლეობაში წავაწყდით. გარდა იმისა, რომ ადამიანები ვერ აცნოიერებდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი უფლება ერღვეოდათ, ეშინოდათ ამაზე ხმამაღლა საუბრის. ხშირად მოისმენდით მათგან - ამდენი წელია ასე ვართ, ამ წყალს ვსვამთ და არაფერი მოგვსვლია. ეშინოდათ თავიანთ პრობლემებზე ხმამაღლა საუბრის. ვცდილობდით, გვეპოვნა თავად დასახლებებში ისეთი ადამიანი, რომელიც ასე თუ ისე, ავტორიტეტით სარგებლოდა და მისი დახმარებით ვცილობდით შემდგომ სხვების დარწმუნებას, რომ დაერეკათ, მოეთხოვათ თავიანთი უფლებების დაცვა და ასე ვახერხებდით იმის დამტკიცებას, რომ პროლემებზე საჯაროდ საუბრის შემთხვევაში, შედეგს აუცილებლად მიაღწევდნენ“ - ამბობს მარიკო.


ფოტოზე:მარიკო წიქორიძე

ფოტოზე:მარიკო წიქორიძე

სწორედ ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეიქნა ადგილობრივი სოფლის ქალთა საბჭოები იგივე WASH საბჭოები, სადაც ასევე გაერთიანდნენ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები და ახალგაზრდა ლიდერები. შემუშავდა სხვადასხვა ტრენინგ მოდულები - წყალი და სანიტარია, ჰიგიენის მნიშვნელობა, წყალი და ადამიანის უფლებები და სხვა მოდულები თემატური მიმართულებით. გაიმართა სხვასახვა ღონისძიება მოსწავლეებთან, სკოლების ადმინისტრაციებთან, შეიქმნა საინფორმაციო ბროშურები, ფლაერები და ზღაპარიც კი, მოსწავლეებისთვის, რომლებიც არასრულწლოვნებს ჰიგიენის ნორმების დაცვას ასწავლის და სანიტარიისა თუ ჰიგიენის, WASH სტანდარტების დანერგვას ემსახურება.

ელევატორის დასახლებაში მიღწეული შედეგი ერთ-ერთია იმ წარმატებულ შემთხვევებს შორის, რაც პროექტის განმავლობაში განხორციელდა.

კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე მე-6 საჯარო სკოლაში განხორციელებული სამუშაოები. პროექტში ჩართული პარტნიორი ორგანიზაციების „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია - ქალი და სამყაროს“ წარმომადგენლების ძალისხმევით, სკოლაში სველი წერტილებისა და საკანალიზაციო სისტემის პრობლემა გადაიჭრა.


ფოტო; მე-6 საჯარო სკოლა

ფოტო; მე-6 საჯარო სკოლა

ნონა სამხარაძე, რომელიც ახლა WASH საბჭოს ერთ-ერთი აქტიური წევრია, სწორედ მე-6 საჯარო სკოლასთან დაკავშირებულ იმ პრობლემებს აღწერს, რისი შემსწრეც თავად გახდა - „ეს სკოლა პრესტიჟულად ითვლება მარნეულში. ჩემი შვილი ამ სკოლაში მივიყვანე. პირველივე დღეს, როცა ბავშვს საპირფარეშოთი სარგებლობა დაჭირდა, წყალი ვერ ჩარეცხა, ონკანი და ნიჟარები მონგრეული დახვდა, თან იმდენად, რომ მასში ჩავარდნის საშიშროებაც კი იყო, კარი ვერ დაკეტა, ხელი ვერ დაიბანა, რიგ შემთხვევაში, სუნის გამო, თავს არიდებდა საპირფარეშოთი სარგებლობას. სველ წერტილებში იდგა კასრი, კასრში იდო მილი, რომელშიც მიედინებოდა წყალი. ბავშვებს უწევდათ კასრიდან მილის ამოღება და ხელების ისე დაბანა. ასევე, არასდროს არ იყო ქაღალდი, რომელზეც მოსწავლეები ხელის გაწმენდას შეძლებდნენ“ - გვიყვება ნონა, რომელმაც ამ ყველაფრის შესახებ სოციალურ ქსელში საჯარო სტატუსი დაწერა.

მისი სტატუსით ადგილობრივი მედია მალევე დაინტერესდა და სკოლის პრობლემები ფართო საზოგადოებისთვისაც გახდა ცნობილი. მას დაუკავშირდა პროექტის “წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად” პარტნიორი ორგანიზაციის „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია - ქალი და სამყაროს“ წარმომადგენელი მარიკო წიქორიძე, რომელთან კოორდინაციითაც ნონამ ცვლილებებისთვის ბრძოლა დაიწყო. როგორც თავად გვიყვება, ეს მარტივი არ ყოფილა:
„დასაწყისში, თავად სკოლის ადმინისტრაციაც და მშობლებიც კრიტიკულად განეწყნენ ჩემ მიმართ იმის გამო, რომ ასე ღიად დავიწყე პრობლემებზე საუბარი. თუმცა, თუკი მანამდე მშობლების პოზიცია იყო, რომ მათი შვილები მაინც არ სარგებლობდნენ საპირფარეშოებით და იკავებდნენ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მშობლები უკვე თავადვე ინტერესდებოდნენ და მეკითხებოდნენ, თუ რა ეტაპზე იყო ეს საკითხი, გამოიღებდა თუ არა შედეგს და როდის შეიცვლებოდა სკოლაში მდგომარეობა. პროექტმა მოგვცა შესაძლებლობა, დირექტორთან და თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, შედეგისთვის მიგვეღწია. დღეს ამ სკოლაში მოწესრიგდა სველი წერტილები, გამოიცვალა გაყვანილობა და წყლისა და ანტისანიტარიის პრობლემა დღის წესრიგში აღარ დგას“ - აღნიშნავს ნონა სამხარაძე.

ფოტოზე:ნონა სამხარაძე

ფოტოზე:ნონა სამხარაძე

მე-6 საჯარო სკოლაში არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა CENN-მა და „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ შეისწავლეს სკოლის სანიტარიულ-ჰიგიენური საკითხები. შედეგად გამოვლინდა სკოლაში არსებული საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობით გამოწვეული საგანგაშო მდგომარეობა, რაც დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებდა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა სკოლის პრობლემებთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართა სკოლის დირექტორს, მარნეულის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრსა და სსიპ განათლებისა და მეცნიერების ინფრასტრუქტურის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
მას შემდეგ რაც, განათლების სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სკოლის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენცია გახდა, პროექტში ჩართულმა ორგანიზაციებმა შეხვედრები გამართეს მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელ პირებთან, რის შემდეგაც მარნეულის მე-6 საჯარო სკოლის სველი წერტილების, საკანალიზაციო სისტემის მოწყობისა და ეზოს რეაბილიტაციის მიზნით ბიუჯეტიდან თანხა გამოყო.

„მიუხედავდ იმისა, რომ პროეტის განხორციელების პირველ ფაზაში გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, პირველ რიგში კი, ავღნიშნავდი ნდობის ფაქტორს, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას უჭირდა იმის დაჯერება, რომ ადვოკატირების გზით შეიძლება მოგვარდეს წყლის მოწოდებასთან დაკავშირებული საკითხები. მათი უმრავლესობა ფიქრობდა, რომ თუ ისინი ხმამაღლა ისაუბრებდნენ WASH საკითხების გაუმართაობის შესახებ მათ შეექმნებოდათ პრობლემები ადგილობრივ ხელისუფლებასთან. თუმცა, პროქტი, მეორე მხრივ, აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან; ეს კი, იმთავითვე ქმნის თანამონაწილეობისა და კუმინიკაციის საფუძველს WASH სახვადასხვა დაინეტერსებულ მხარეებს შორის, რაც პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი წინაპირობაა“ - აღნიშნავს პროექტის მენეგერი ანა ინასარიძე.

პროექტი „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ 2020 წლის ივნისში სრულდება, მანამდე კი CENN-იევროკავშირის მხარდაჭერით აგრძელებს საქართველოს სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად დაგეგმილ აქტივობებსა და მოსახლეობაში WASH სტანდარტების დანერგვას.


სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში.
სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.

ავტორი: თამარ კურატიშვილი


[R]
| Print |
FaceBook Twitter Google